პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა, რათა ტრამპს დახმარებოდა

პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა, რათა ტრამპს დახმარებოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის ბრძანება გასცა, რათა დონალდ ტრამპს დახმარებოდა, - ნათქვამია აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშის არასაიდუმლო ნაწილში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. აღნიშნულის შესახებ იუწყება გამოცემა The Hill.

„რუსეთის მიზანი იყო საზოგადოების რწმენის შერყევა დემოკრატიული პროცესებისადმი, ჰილარი კლინტონისთვის ჩირქის მოცხება და ზიანის მიყენება მის შანსებზე ყოფილიყო არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ ვთვლით, რომ პუტინსა და რუსეთის მთავრობას აშკარა პრეფერენცია გააჩნდათ ტრამპის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინს დიდი ვარაუდით სურდა ჰილარი კლინტონის რეპუტაციის გაშავება, ვინაიდან მას ბრალს დებს 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში რუსეთში საპროტესტო აქციების წაქეზებაში.

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო დაზვერვამ არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანია გასული წლის მარტში დაიწყო.

„2015 წლის ივლისში რუსეთის დაზვერვამ წვდომა მიიღო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ ქსელებზე და ამ წვდომას როგორც მინიმუმ 2016 წლის ივნისამდე ინარჩუნებდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ოპერაციების შედეგად მოხდა შეღწევა აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” თანამდებობისა და პოლიტიკური პირების ელექტრონულ ფოსტაში. მაისისთვის რუსეთის სამხედრო დაზვერვას აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” ეროვნული კომიტეტის ქსელებიდან დიდი რაოდენობით მონაცემები ჰქონდა ამოღებული“, - ნათქვამია აშშ-ის სპეცსამსახურების ანგარიშში.

აშშ-ის სადაზვერვო უწყებები თვლიან, რომ აშშ-ის ”დემოკრატიული პარტიის” კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო დაზვერვა გადასცემდა ორგანიზაცია WikiLeaks, ინტერნეტ-საიტს DCLeaks.com და ჰაკერს Guccifer 2.0.