ვერ ვხედავ ბარიერს, რომ ადამიანებმა ისაუბრონ. საუბარი უალტერნატივოა. ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ყოფილი მერის გიგი უგულავას სურვილს, შეხვდეს მიხეილ სააკაშვილს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სატელეფონო ჩართვისას რურუამ გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება მიულოცა და ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ყველა პოლიტპატიმარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
რურუამ ახსნა, თუ რატომ არ იყო თავად ე.წ. მატროსოვის ციხესთან. „თეატრალურ ჟესტებს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. მატროსოვის ციხესთან დგომა მთავარი არ არის. მთავარია, რომ ეს ადამიანი გამოვიდა და სხვა პოლიტპატიმრებიც უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რურუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. კითხვაზე, შედგება თუ არა ეს შეხვედრა და რა შეიცვლება პარტიის ცხოვრებაში, რურუამ უპასუხა, რომ ამ კითხვით უგულავას უნდა მიმართონ.
„ეს სჯობს გიგის ჰკითხოთ. მე ვერ ვხედავ ბარიერს, რომ ადამიანებმა ისაუბრონ. საუბარი უალტერნატივოა. მით უფრო თანაგუნდელებს შორის. საკითხების კონსტრუქციულად გადაჭრის ყოველთვის მომხრე ვარ. კონფლიქტი და გაფანტვა, გასვლა, ვიცით ვის ინტერესებში შედის. კერძოდ, არაფორმალური მმართველის და იმ მახინჯი სისტემის, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. არაფორმალურ მმართველობას ვგულისხმობ. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ოპოზიცია აღარ არსებობს. ამიტომ ოპოზიცია უნდა იყოს ერთიანი და კონსტრუქციული, იმისთვის, რომ საქართველოში ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. ერთიანი მყარი ოპოზიცია ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე ფრაგმენტირებული და დანაწევრებული. ეს აქსიომაა“, - განაცხადა რურუამ.