სიცივე, ქარი, წვიმა და, შესაბამისად, დახურული პლიაჟები... ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ კანის კინოფესტივალზე ხალხმა შეაფაროს თავი... კინოდარბაზებს.
ნუ გაგიკვირდებათ, ძალიან გთხოვთ. კანის კინოფრუმზე ჩამოსული უმრავლესობისთვის კინოდარბაზში ჯდომა არასდროსაა მთავარი. როგორც წესი, აქ ან საქმიანი შეხვედრებისთვის ჩამოდიან, ან კინობაზრობაზე, ანდა, უბრალოდ, ნახევრადშიშველი ვარსკვლავების სანახავად. კანის პლეჟებზე ქალებს “ზევიდან” უკვე ძალიან იშვიათად აცვიათ. თუმცა კაცებიც არ იკლავენ თავს სხეულის ნაწილების დამალვაზე. როგორც ჩანს, ყველას იმედი აქვს, რომ მათ “ფიგურებს” სათანადოდ შეაფასებენ ცნობილი რეჟისორები და პროდიუსერები.
მაგრამ ცუდმა ამინდებმა ყველაფერი აურია. კინოდარბაზი ერთადერთი ადგილია, სადაც დრო შეიძლება გაიყვანო. ყოველ შემთხვევაში, საღამომდე, როცა კანის სასტუმროებში ტრადიციული მიღებები იწყება ხოლმე.
მე არ მიყვარს მიღებები და ბევრი უცნობი ხალხი, ამიტომ ასეთ კოქტეილებს კარგ ამინდშიც გავურბივარ და ცუდშიც. არც ქართულ “კოქტეილზე” ვყოფილვარ, სადაც, როგორც მითხრეს, ხალხი წელს საკმარისი იყო, თვით “იმედის” გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძეც კი უნახავთ.
თანაც ეს მიღებები გვიან ღამით ეწყობა, ჩვენ კი პირველი სეანსი დილის 8.30-ზე გვეწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ 7 საათზე უკვე მზად უნდა იყო ფესტივალების სასახლეში წასასვლელად. მითუმეტეს, რომ წელს სწორედ ცუდი ამინდის გამო კინოს მიმართ ინტერესი გაიზარდა და დილის 8 სათზე ლიუმიერების დარბაზში ყველა ადგილი დაკავებულია.
4 500 ჟურნალისტია წელს აკრედიტებული კანის კინოფესტივალზე. ლიუმიერების დარბაზი, სადაც საკონკურსო ფილმებს უჩვენებენ, ამის ნახევარსაც ვერ იტევს, ამიტომ სრულიად ბუნებრივია ის ქაოსი, რომელიც სეანსის წინ იმართება ხოლმე.
“მორჩა, ხვალ ვწერ განცხადებას და სხვა სამუშაოს ვეძებ” - გადაულაპარაკა ლიუმიერების დარბაზის თანამშრომელმა, ახალგაზრდა ქალმა თავის კოლეგას, მას შემდეგ, რაც კიბეებიდან აგვაყენა, აქ ჯდომა არ შეიძლებაო და ჩვენთვის ადგილის ძებნა დაიწყო.
ბერლინის კინოფესტივალზე ამ გოგონას კოლეგები სეანსის დაწყებმადე სთხოვენ ხოლმე კინოკრიტიკოსებს, აწიონ ხელები და ხმამაღლა გამოაცხადონ, არის თუ არა თავისუფალი სავარძელი მათ გვერდით. კანში ეს შეუძლებელია - ხალხი ძალიან ბევრია და დარბაზის არქიტექტურაც არ იძლევა ასეთი დიალოგის გამართვის საშუალებას.
ჰოდა, ასე იწვალა ამ გოგონამ, სანამ იპოვა ჩვენთვის
სავარძელი იტალიელი რეჟისორის, მატეო გარონეს ფილმის, “რეალობის” პრემიერაზე. ცოტა მაინც გამიკვირდა - დილაადრიან, ნახევარი საათით ადრე, ლიუმიერების შევსებული დარბაზი მხოლოდ კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმზე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ კანში. როგორც აღმოჩნდა, კრიტიკოსების ინტერესს ისიც განაპირობებდა, რომ იტალიურ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ძალიან კარგი მსახიობი ანოელო არენა ტოსკანის ციხეში სასჯელს იხდის, არც მეტი არც ნაკლები ადამიანის მკვლელობისთვის. იგი დროებით გაათავისუფლეს ფილმის გადაღების დროს და გადაღების დასრულებისთანავე დააბრუნეს ციხეში. კანში არენას პრიზი რომ გადასცენ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფესტივალის დირექციას პრობლემები შეექმნება - ანოელო არენას კანში არავინ გამოუშვებს.
უკანასკნელად იტალიური ფილმი “ოქროს პალმით” აქ 2001 წელს აღინიშნა - ნანი მორეტის “ვაჟიშვილის ოთახმა” ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ახლა მორეტი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა და საეჭვოა, ასეთივე ტრიუმფი “გაამეორებინოს” თავის კოლეგას. მით უმეტეს, რომ “რეალობა”, უფრო სწორად “რეალიტი” (ფილმის ჟანრს შეიძლება ვუწოდოთ “მწარე ქილიკი” სატელევიზიო რეალიტი შოუებზე) მთავარ პრიზზე ნამდვილად ვერ ქაჩავს - ამბავი შუახნის ნეაპოლელი თევზის გამყიდველისა, რომელიც ძლივს ისტუმრებს ვალებს და უჭირს გამოკვებოს თავისი მრავალშვილიანი ოჯახი, საინტერესო ხდება მას შემდეგ, რაც სურათის გმირი სასიხარულო ცნობას იღებს რომიდან - იგი რეალიტი შოუს, “ბიგ ბრაზერის” პირველ ტურში გავიდა... მაგრამ ფილმის მეორე ნახევარში, როცა სიახლის მოლოდინი გმირს ჭკუიდან გადაიყვანს პირდაპირი მნიშვნელობით - მოლანდებებით და ხილვებით დატანჯავს, მატეო გარონე ზომიერებას კარგავს (პრინციპში იგივე დაემართა მას ფილმში “გომორა”, რომელიც რამდენიმე წლის წინ კანის ფესტივალის გრან-პრით აღინიშნა), ფინალში კი აშკარად ეტყობა, რომ უბრალოდ არ იცის, როგორ დაასრულოს სურათი. მიუხედავად ამისა, იტალიური საკონკურსო ფილმი მსახიობების ძალიან კარგი ნამუშევრებით გამოირჩევა - 50-იანი წლების კარგ იტალიურ ფილმებს გვაგონებს. ეს ანოელო არენა კი, უბრალოდ, მარგალიტი-მსახიობია! სევდა აქვს თვალებში მაშინაც კი, როცა ძალიან სასაცილოდ იქცევა!
ტოსკანის ციხეში გამომწყვდეულის არ ვიცი, მაგრამ კანში სიამოვნებით ჩამოიყვანენ კიდევ ერთხელ პრიზების გადასაცემად მსახიობებს, რომლებმაც მთავარი როლები შეასრულეს ავსტრალიურ-ამერიკულ ფილმში “უკანონობა”: შაია ლაბეფის, ჯეისონ კლარკს... ჰოლივუდის ორ ულამაზეს ქალს - ჯესიკა ჩესტეინს (ტერენს მალიკის აღმოჩენა, მთავრი როლის შემსრულებელი მალიკის ბოლო ფილმში) და მია ვასიკოვსკას. ნამდვილად კარგი “დიზაინია”, რომლის ხილვა და “დათვალიერება” ერთი სიამოვნებაა. ახლა ამას დაუმატეთ რეჟისორის, ჯონ ჰილკოუტის უნარი, მუსიკალური კლიპის ფორმატს მიანიჭოს სრულმეტრაჟიანი კინოს სახე, ერთდროულად გადაიღოს საფესტივალო და სამაყურებლო კინო (ასეთი იყო მისი წინა ფილმი “გზა”, რომელიც, ჩემი აზრით, უსამართლოდ დაიწუნა ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ), დაუმატეთ ამ ფილმისთვის ნიკ კეივის მიერ დაწერილი სცენარი, შესანიშნავი საუნდტრეკი და მიიღებთ კარგ კინოს. აი, ისეთს, ბოლო დროს იშვიათად რომ იღებენ “ჟანრული კინოს” თაყვანისმცემელი რეჟისორები
მუსიკა მთავარი გმირია ჰოლკოუტის ფილმში. სწორედ მუსიკა ქმნის დისტანციას მაყურებელსა და იმ ამბავს შორის, რომელიც აქ თამაშდება - დისტანციას 30-იანი წლების ამერიკასთან, “მშრალი კანონის” ეპოქასთან. ამბავი სამ ძმაზე, რომლებიც განგსტერებთან და კორუმპირებულ პოლიციასთან დაპირისპირებისას თავად გადაიქცევიან განგსტერებად, სახალისოდ ვითარდება სხვადასხვა ეპოქაში დაწერილი, სხვადასხვა ჟანრის მუსიკის ფონზე... გმირები თითქოს იხოცებიან, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩებიან ხოლმე. პაროდიაა, კი. მაგრამ 30-იანი წლების ეკონომიკურ კრიზისზე ასეთი მხიარული მსჯელობა (მხიარული მიუხედავად წარმოუდგენლად ბევრი სისხლისა ეკრანზე) მაინც ქმნის ასოციაციაცებს - ასოციაციებს დღევანდელ ეკონომიკურ კრიზისთან.
იმის თქმა მინდოდა სწორედ, რომ კანში თავისუფალ დროს ვერც აქაურ კაფეებსა და რესტორნებში გაატარებ. საგრძნობლად გაძვირდა ყველაფერი. ისღა გრჩება, მიბაძო ჩემს მეგობარს: შეიძინო საფუნთუშეში კრუასანი, შეხვიდე “მაკდონალდსში”, აიღო ჩაი და იქვე ისაუზმო - ნახევრად ფრანგულად, ნახევრად ამერიკულად. მით უმეტეს, რომ სითხეს კინოდარბაზში არავინ შეგატანინებს - უსაფრთხოების მიზნით ყველას ყურადღებით ჩხრეკენ და ყველანაირ სითხეს დარბაზის გარეთ ტოვებენ. ამ ჩხრეკასაც დიდი დრო მიაქვს. ამიტომ სასურველია, დარბაზში ადგილი დილის რვა საათზე დაიკავო. შესაბამისად, დილის 7 საათზე გაიღვიძო.
სადაა კოქტეილის, “ტუსოვკის” და გიორგი არველაძის დრო?!