გივი ბერიკაშვილის შესახებ რამდენიმე მოგონება მინდა რომ შემოგთავაზოთ. ამ სახალისო ისტორიების კიდევ ერთი მთავარი მოქმედი გმირი, ბერიკაშვილის “უმცროსი” მეგობარი, ბატონი კახი კავსაძე იქნება. “უმცროსი” ვახსენე და არ გაიკვიროთ, მიმდინარე წლის 5 ივნისს კახი კავსაძეს 77 წელი შეუსრულდება.
კახი კავსაძესა და გივი ბერიკაშვილს არაერთ ქართულ ფილმში მრავალი დაუვიწყარი როლი აქვთ განსახიერებული. მათ ერთი საერთო გატაცებაც გააჩნიათ – ფეხბურთი და კალათბურთი. ბატონმა კახიმ ფეხბურთის თამაში “სერიოზულად” რუსთაველის თეატრში დაიწყო, როდესაც მსახიობთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და ნახევარმცველის ფუნქცია დაავალეს. სიჭაბუკეში ერთი ხანობა კალათბურთს მისდევდა და სპორტის ამ სახეობაზე საკუთარი სიმაღლის გამო დღესაც არ იტყოდა უარს. ოღონდ ერთი პირობით - გამთამაშებლად გვერდით გივი ბერიკაშვილი უნდა დაუდგეს, რადგან მისი ზუსტი გადაცემების იმედი აქვს. როგორც “იუმორინაში”, როდესაც სცენაზე ერთად არიან და ბატონი გივი მას ყოველთვის ზუსტ რეპლიკებს აწვდის. “მომეცით გივი ბერიკაშვილი გამთამაშებლად და ნახეთ რა ცეცხლს დავანთებ მოედანზე” - რამდენჯერმე აღნიშნა ბატონმა კახიმ.
დღევანდელი წერილის დასაწყისში მსახიობი კარლო საკანდელიძის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ.
“მე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და რამაზ ჩხიკვაძე დაგვპატიჟეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უფრო სწორედ, კა-გე-ბეში – რაღაცას დღესასწაულობდნენ. იმ დილით გივი შემხვდა და ეშმაკურად მეუბნება:
- ააა, ხომ ვიცოდი, დიდი ხნის პოლკოვნიკი რომა ხარ.
- მე შენზე ადრე ვიცოდი, გენერალი რომ ხარ-მეთქი, - არც მე დავრჩი ვალში.
მაგათ აკადემიაში ერთი ათასი კაცი მაინც იყო შეკრებილი. პატარა სცენაზე აგვიყვანეს. მე ბოლოში დავჯექი. რამაზს ძალიან დიდი ფიალა მიართვეს. მან არც აცია, არც აცხელა – დამაცადეთ, სიტყვას ვამბობო და ფიალა კახის გადასცა. ახლა კახის სიტყვის დრო მოვიდა, იმანაც – გივის გადასცა. გივის ვუთხარი - მაიტა, მაიტა, მაგ ფიალას მაინც მე გადმომცემთ-მეთქი.
- ამ ჯამს დალევ შენა? – გულწრფელად წამოსცვივდა თვალები კახის.
დარბაზს მივესალმე, სადღეგრძელოც ვთქვი, რაღაცეები ვიბოდიალე – გამარჯვებული გევლოთ-მეთქი, მოვიყუდე და დავლიე. ისეთი სიჩუმეა, ისეთი, ბუზის ხმას გაიგონებ. ხმა ჩაუვარდა დარბაზს. როგორც იქნა, დავცალე და ერთბაშად ატყდა ტაში, ყიჟინა და შეძახილები, ახლა კი გვჯერა, „ღვინის ქურდებში“ ის ჯამი ნამდვილად დალიეო.
ის ფიალა დიდი კი იყო, მაგრამ ფილმში რომ ჯამია, იმაში ხუთი ლიტრა მაინც ჩადიოდა. მართლა კი არ დამილევია“.
სურათი “ღვინის ქურდები” კახეთში განსაკუთრებით უყვართ. ალბათ გაგიკვირდებათ და, ბატონ კახი კავსაძეს ელიბოს როლი თავდაპირველად არ უნდა ეთამაშა. გივი ბერიკაშვილს მოვუსმინოთ.
“კახი კავსაძე ელიბოს როლზე მოგვიანებით დაამტკიცეს. პირველად ეს როლი ერთ-ერთ სხვა მსახიობს მისცეს.
- გივი, - მეუბნება ერთ დღეს კუკური ლაფერაძე, - შეხედე ერთი ამ კაცს, სამი დღეა ვაკვირდები და ვფიქრობ, რა ელიბო ესაა? რა ახმახი?! ბიჭო, ამისი როგორ უნდა შემეშინდეს?
- ანდა მეც! – დავეთანხმესავით.
მაშინ კი გამოჩხრიკეს კახი, რომელმაც იქვე გამოიცვალა ტანსაცმელი, მოირგო ულვაში და ერთი ისეთი დაიღრიალა, მთელი 15 კილომეტრის რადიუსში ქათმებმა სულ ლაყე კვერცხები დადეს შიშზე. სუფთა გიჟი, გადარეული.
დაამტკიცეს როლზე, სულ ერთ დღეში მორჩა გადაღებას და გაიკრა 90 მანეთი. ნახევარი ხინკალში დახარჯა (ისე ვინ გაუშვებდა?), დანარჩენი კი წაიღო სახლში. მერე უკვირდა - კაცო, დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”
„ღვინის ქურდების“ გადაღების დროს, კახი კავსაძესა და ქალბატონ გულჩინა დადიანს შორის ერთი „საინტერესო“ დიალოგი გაიმართა.
„ღვინის ქურდებს“ ვიღებთ, ჩემო ბატონო. ერთხელ გადაღების დროს რომ „სოკის“ ნაცვლად ნამდვილი ღვინო ვსვით ჩუმ-ჩუმად, რომ დავითვერით და რომ ჩავშალეთ გადაღება, იმას როგორ გავამხელ?! მთავარი სხვაა. „ლოგინის სცენაში“ (მარნიდან რომ სიმღერის ხმა ისმის, ხომ გახსოვთ?) პარტნიორობას ქალბატონი გულჩინა დადიანი მიწევდა. იწყება ეპიზოდის გადაღება და გვიხმობს რეჟისორი.
- ქალბატონო გულჩინა, გვეძახიან-მეთქი, შევახსენე. ქალი მაინც ქალია და ჭორაობდა მსახიობ ქალებთან. რომ დავუძახე, კარგ ეპიზოდს „განიხილავდნენ“ და არ ესიამოვნა.
- რაზე გვეძახიან, არ იცი, კახი?
- ლოგინის სცენაა, ქალბატონო გულჩინა - შევახსენე მოკრძალებით.
- მომეშვი ერთი, თუ კაცი ხარ! – აიბზუა ცხვირი.
- რა ხდება, ქალბატონო გულჩინა? – გამიკვირდასავით.
- კაცო, 25 წელია, ლოგინში ვწევარ და მაგის რეპეტიცია მინდა, ბოშო მე? (25 წლის გათხოვილი იყო იმ დროს).
დავიმორცხვე, მაგრამ ისევ თვითონ „გამომიყვანა“:
- არა, ისე, ქმრებში ნამდვილად მიმართლებს, ჩემო კახი.
- ვერ გავიგე, ქალბატონო გულჩინა?
- რა ვერ გაიგე, თუ კაცი ხარ? ერთ ფილმში დოდო აბაშიძე იყო ჩემი ქმარი, მეორეში – რამაზ ჩხიკვაძე, მესამეში – კახი კავსაძე. ნამდვილი ქმარი ხომ მყავს და მყავს და რაღა რეპეტიცია მინდა, თუ კაცი ხარ? როცა პირდაპირ გადაღება დაიწყება, მაშინ დამიძახეთ, - მომიგდო, აკისკისებულ ქალებს მიუბრუნდა და ჭორაობა განაგრძო.
კახი კავსაძის შემდეგ გივი ბერიკაშვილის ჯერი დადგა. მსახიობი ავთო მიქაძე ამ ამბავს ხშირად ყვებოდა:
„ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო).
- რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად.
- არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, - ამოვიოხრე.
- არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ,
ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის
წინა ნომერი.
- წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც.
- ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით.
- სად, იქ?
- ავტოინსპექციაში.
- რატომ?
- რა რატომ?
- რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში?
- აბა, ნომრები არ გინდა?
- ეს ჩემი მანქანა არაა.
- რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი.
- რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას!
- თქვენია, ბატონო გივი? ბოდიში, ახლავე - ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა - გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.“