"ნიჭიერთან" დაკავშირებული პრეტენზიით ამჯერად, საბავშვო ორკესტრის წარმომადგენლებმა მოგვმართეს. როგორც შოთა შანიძის სახელობის მეოცე სამუსიკო სკოლის კამერული ორკესტრის წევრები ამბობენ, პროექტის წარმომადგენლებმა ისინი აბუჩად აიგდეს...
მამუკა დოლიძე, ორკესტრის დირიჟორი: - იანვარში "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენი მოსმენა უნდოდათ. მათთვის რამდენიმე ნაწარმოები დავუკარით. "ფიფქია და 7 ჯუჯა" ძალიან მოეწონათ. გვითხრეს, - "ნიჭიერში" აუცილებლად უნდა გამოხვიდეთო. ამ წინადადებას დიდი ენთუზიაზმით არ შევხვდით, მაგრამ რადგან გვთხოვეს, სცენაზეც გავედით და დავუკარით. ბავშვები მებრალებიან: ჩვენი გამოსვლა ეთერშიც კი არ აჩვენეს! გამოდის, რომ "არაფერი" ვყოფილვართ. - იქნებ თქვენი სასცენო ნომერი შოუს ელემენტებს არ შეიცავდა და მაყურებლისთვის ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნიეს? - მაშინ ჟიურის არ უნდა ეთქვა, - ძალიან მოგვეწონაო! ეთერში ის კონკურსანტებიც კი აჩვენეს, ვინც მეორე ტურში ვერ გადავიდნენ, ჩვენ კი საერთოდ "ამოგვშალეს". ჯერ იმედი მოგვცეს, მერე კი დაგვირეკეს, - ტყუილად ნუ მოხვალთო. სხვა მონაწილეები დაიბარეს და პასუხი ისე უთხრეს, ჩვენ კი - არა; თითქოს "ნიჭიერში" არც ვყოფილვართ... პატარებს სკოლაში მისვლის რცხვენიათ. ზოგს უტირია კიდეც. ბავშვები ძალიან დაგვიჩაგრეს. - კონკურსის პირობები ასეთია: ზოგი ნომერი ეთერში ხვდება, ზოგი - ვერა. პროექტში მონაწილეობა ორკესტრისთვის ხომ არ დაუძალებიათ? - დაგვირეკეს, მოვიდნენ, გვნახეს... რომ არ დაეძალებინათ, პროექტში მონაწილეობა საერთოდ არ გვინდოდა! ჩვენთვის ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩვენი ნომერი ეთერში არც აჩვენეს. მარიამ ბუქური, დირიჟორის თანაშემწე, 13 წლის: - ჩემი ახლობლები "ნიჭიერს" ჩვენ გამო უყურებდნენ. აღმოჩნდა, რომ პირველი ტური ისე დამთავრდა, ეთერში ვერ მოვხვდით. სკოლაში დაგვცინოდნენ - მოგვატყუეთ, მეორე ტურში არ გადასულხართო! თავს დამცირებულად ვგრძნობთ. მეორე ტურში "ვითომ" რომ გადაგვიყვანეს, სიხარულისგან ავტირდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრომოს ჩაწერისთვის დაგვიბარეს. საშინლად ციოდა. ქურთუკების ჩაცმის საშუალება არ მოგვცეს - კადრში ცუდად გამოჩნდებაო. ჩემი მეგობარი ტიროდა, - სახლში მინდაო. გაპარვასაც კი ვაპირებდით, მაგრამ შუა გზიდან მოგვაბრუნეს. ნინო თოთაძე, 13 წლის: - ავად გავხდით, სიცხემ აგვიწია... ჩვენი გამოსვლა ეკრანზე რომ არ აჩვენეს, სატელეფონო ზარები არ წყდებოდა - ახლობლები გვირეკავდნენ... დავით ბეიტრიშვილი, 11 წლის: - მეგობრებმა პირველი ტურის გადაცემებში ტელეეკრანზე ვერ გვნახეს და იფიქრეს, რომ ვატყუებდით. - "ნიჭიერში" წარუმატებლობის შემდეგ, მუსიკაზე გული ხომ არ აიცრუეთ? დავითი: - არა და არც ავიცრუებ! მინდა, მუსიკას ბოლომდე "მივყვე" და მესაყვირე გავხდე! მარიამი: - ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს: ყოველ წელს ბევრ კონცერტში, კონკურსში ვმონაწილეობთ. ეკა შაფათავა, მშობელი: - ორკესტრში ჩემი 2 ქალიშვილი - ანა და მარიამ ქსოვრელები უკრავენ. ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ, საბავშვო ორკესტრს მხარში ამოვუდგე. "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა 5 თებერვლის დილას რუსთაველის თეატრში გადაღებაზე დაგვიბარეს. რა თქმა უნდა, დროულად მივედით, მაგრამ სამწუხაროდ, საათ-ნახევრის განმავლობაში, საშინელ ამინდში ქუჩაში დგომა მოგვიხდა: "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლები არსად ჩანდნენ. შესაბამისად, თეატრის ადმინისტრაციამ შენობაში არ შეგვიშვა. ბოლოს, როგორც იქნა, ჩვენამდე "მოაღწიეს" და გათოშილი ბავშვები ერთ ოთახში შეუშვეს. კონკურსანტებს განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. პარალელურად მათთან ინტერვიუებს წერდნენ. ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ პროექტის მონაწილეებს ინტერვიუში სათქმელ ტექსტს თავად უწერდნენ. არ მჯერა, როცა კონკურსანტები ამბობენ, - ვოკალის პედაგოგი არ გვყავს, ან - ტანვარჯიშზე არ დავდივართო, მაგრამ სცენაზე საოცრებებს ახდენენ. ეს ყველაფერი გადამღები ჯგუფის მიერ ნაკარნახევი ტყუილებია. - "ნიჭიერის" პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ ასეთ ტყუილს მონაწილეები მართლაც ამბობენ, ოღონდ - საკუთარი ინიციატივით, მაგრამ ვიდეოჩანაწერის ეთერში გასვლამდე, კონკურსანტების ნათქვამს ამოწმებენ. - იმის მომსწრენი ვართ, რომ ჟურნალისტები კონკურსანტებს სათქმელს ფურცელზე თავად უწერდნენ. - კონკურსანტები არ ეწინააღმდეგებოდნენ? - კი, მაგრამ მონაწილეებს ეუბნებოდნენ, - ასეა საჭიროო... აღმაშფოთა იმ სიტუაციამ, რაც დარბაზში დამხვდა: გაირკვა, რომ საათ-ნახევრის განმავლობაში მაყურებლებს ავარჯიშებდნენ. ეს ძალიან დამამცირებელი ფაქტი იყო! - რას ნიშნავს "ავარჯიშებდნენ"? - ეუბნებოდნენ: აბა, ადექით, ტაში დაუკარით, ხელები მაღლა ასწიეთ, ახლა ცერა თითი დაბლა დაუშვით და იყმუვლეთ, - უუუ!.. არ ვარგა, კიდევ ერთხელ... სანამ კარგად არ იყვირებთ და იყმუვლებთ, გადაღებას არ დავიწყებთო! სრული კოშმარი იყო! ხალხს ხმა აღარ ჰქონდა. ამ ყველაფერს ერთი ადამიანი "დირიჟორობდა", რომელიც დარბაზის მარცხენა კუთხეში იდგა. როცა სცენაზე მონაწილე გამოდიოდა, "დირიჟორი" მაყურებლებს ანიშნებდა, რომ მაგალითად, ფეხზე ამდგარიყვნენ; ვინც არ ადგებოდა, თითს უქნევდა... - გინდათ თქვათ, რომ დარბაზში მყოფ მაყურებლებს საკუთარი ინიციატივით ემოციების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდნენ? - დიახ! "ნიჭიერში" ყველაფერი ისეა დამონტაჟებული, რომ ვერ გაიგებ - ვის სასცენო გამოსვლას ვისთვის განკუთვნილი ემოციები "ადევს". ვისაც გადაცემა ყურადღებით აქვს ნანახი, შენიშნავდა: როცა ჟიურის წევრები სცენაზე გამოსულ მონაწილეს ესალმებიან, სხვა ტანსაცმელი აცვიათ და ნომრის შეფასებისას - სხვა. გამოდის, რომ კონკურსანტის გამოსვლას სხვისთვის განკუთვნილ კომენტარებს "ადებენ". მაყურებელი მოტყუებული და აბუჩად აგდებულია! რუსთაველის თეატრში დილით დაბარებული ბავშვები სცენაზე საღამოს 6 საათზე გაიყვანეს. მონაწილეებთან ინტერვიუების ჩაწერამდე, "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა კონკურსანტები შეკრიბეს და ნახევარი საათის განმავლობაში ხმის ჩახლეჩამდე აჭყივლეს: "მე ვარ ნიჭიერი!" და ა.შ. სცენაზე ბავშვები უკიდურესად დაღლილები, მშივრები, ნანერვიულები გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნიჭიერში" საკუთარი ინიციატივით არ მივსულვართ, ბავშვები მაინც ღელავდნენ: გული ეთანაღრებოდათ, რომ ჟიურის რომელიმე წევრს "არა" არ ეთქვა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა - 3 "კი" მიიღეს. ჟიურის ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა: კარგი ნომერი იყო, მაგრამ - ძალიან მოკლეო. არადა, პროდიუსერების მოთხოვნა ასეთი იყო: მაქსიმალურად ეცადეთ, სასცენო ნომერი 2 წუთში ჩაატიოთო. მეც ვეჭვობდი - დარბაზი კლასიკურ ორკესტრს მიიღებდა თუ არა? მაყურებლებს არაჩვეულებრივი რეაქცია ჰქონდათ. - კი, მაგრამ ხომ თქვით, რომ მაყურებლების რეაქციას "დირიჟორი" განსაზღვრავდა? - მაყურებლებს მართლა დადებითი რეაქცია ჰქონდათ. "დირიჟორი" რას ჰკარნახობდა, არც გამიხედავს... ჩვენი ბავშვები სიხარულით ატირდნენ. ბედნიერები იყვნენ, რომ მათ შრომას შედეგი ჰქონდა. დაახლოებით 1 თვის შემდეგ (6 მარტს), "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა ისევ რუსთაველის თეატრთან დაგვიბარეს, პრომოს ჩაწერაზე. ვიკითხეთ, - რამდენი ხანი დაგვჭირდება, ბავშვებს საკვები წამოვუღოთ-თქო? გვითხრეს, - მაქსიმუმ, 2 საათი გვჭირდება, პატარებმა მუსიკალური ინსტრუმენტები წამოიღონო. კონკურსანტებს ქურთუკები გარდერობში დაატოვებინეს და გაამწკრივეს. ძალიან ცივი ამინდი იყო, ყინავდა. ბავშვები გალურჯდნენ, სიმწრის ცრემლები სცვიოდათ. 5 საათის განმავლობაში შენობაში არ შეგვიშვეს, რასაც სერიოზულად ვაპროტესტებდი... მოკლედ, დიდი ბრძოლის შემდეგ ბავშვებისთვის ქურთუკების გამოტანა მოვახერხე. ზოგმა მშობელმა კონკურსანტი შვილი საერთოდ წაიყვანა - არ მჭირდება თქვენი "ნიჭიერიო"! ბავშვები ცუდად გაუხდათ. თეატრის შენობასთან, პროექტის მონაწილეები 2 ჯგუფად გაჰყვეს - ჟიურის წევრების მოსვლა უნდა ჩავწეროთო. ჟიურის წევრები სხვადასხვა მანქანით მოდიოდნენ. ბავშვებს ქარსა და სიცივეში აყვირებდნენ. თითოეული წევრის მოსვლის ჩაწერა 4 დუბლად მოხდა. დუბლებს შორის ინტერვალი 15 წუთი იყო (სანამ მანქანით წრეს დაარტყამდნენ და ისევ რუსთაველზე მოვიდოდნენ). გეგა ფალავანდიშვილს მანქანა რომ დაუგორდა (რასაც სიცილ-ხარხარი მოჰყვა), "ვანოს შოუს" კურიოზებში აჩვენეს კიდეც... შემდეგ, გადაღება თიკასა და ვანოსთან ერთად გაგრძელდა: წამყვანები კიბეზე ავიდნენ, ბავშვები კი ქვემოდან აყვირეს. სრული აბსურდი იყო! პრომოს ჩაწერის შემდეგ გამოგვიშვეს. 2 კვირის შემდეგ, "ნიჭიერის" წარმომადგენლებმა სკოლაში დარეკეს: მეორე ტურისთვის მზად რა გაქვთო? ბავშვები ქართული კინომუსიკის პოპურის ამზადებდნენ. სასცენო ნომრისთვის განკუთვნილ დროსთან დაკავშირებით, ისევ შენიშვნა მოგვცეს და გვითხრეს: მეორე ტური პირდაპირ ეთერში უნდა ჩატარდესო. მშობლებმა ვიაქტიურეთ და ბავშვებისთვის სასცენო ფორმების შესაკერად ფულიც კი შევაგროვეთ. საბოლოო ჯამში, "ნიჭიერიდან" სკოლაში დაგვირეკეს და გვითხრეს: "მადლობთ, აღარ გვჭირდებითო. რაღაც მომენტში, შვებაც ვიგრძენით, რადგან იმ აურზაურის გამეორების სურვილი ნაკლებად გვქონდა, მაგრამ სრული შოკი იყო, როცა სცენაზე ბავშვების გამოსვლის ჩანაწერი ეთერში საერთოდ არ აჩვენეს. სამაგიეროდ, გადაცემაში მევიოლინეების (თელავიდან) და ჩასაბერი ინსტრუმენტების (ქუთაისიდან და თბილისის მეცხრამეტე მუსიკალური სკოლიდან) ანსამბლები მოხვდნენ. მაინტერესებს: ჟიურის სიტყვას რაიმე ფასი აქვს? ჩვენი ორკესტრის ბავშვები მეორე ტურში ხომ უნდა დაებარებინათ და ეთქვათ: გმადლობთ, მაგრამ თქვენ სხვები გჯობნიანო?!. ჟიურის ფუნქციას ვერ ვხვდები. კონკურსანტებს 3 "კი" რომ "მისცეს", რატომ აღარ მოიკითხეს - ბავშვები სად არიანო? იმის ღირსადაც არ მიგვიჩნიეს, რომ მეორე ტურში ეთქვათ: ნახევარფინალში ვერ გადახვედითო. ეტყობა, სინდისი ეყოთ - ბავშვებს თვალებში ვერ ჩახედეს და ვერ უთხრეს: "დრუჟბით" მხერხავი გჯობიათო. არც ნახევარფინალში მოხვედრა გვინდა და არც - ფინალში. მოვითხოვთ, 9-საათიან "კურიერში" ან "პ.ს."-ში ჩვენი ორკესტრის გამოსვლა აჩვენონ. გიორგი ხაბურზანია, ნიჭიერის" პროდიუსერი: - როცა ორკესტრის ხელმძღვანელი ხელშეკრულებას ხელს აწერდა, პროექტის პირობებზე მაშინ არ ფიქრობდა?!. მესამე სეზონია, "ნიჭიერი" ეთერში გადის და მგონი, ხალხმა გაიგო, რომ როცა მონაწილე კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადადის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ნახევარფინალში მოხვდება. ჩვენთვისაც გულდასაწყვეტია, როცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი კონკურსის მიღმა რჩება. თუკი რომელიმე ჟანრში რამდენიმე კონკურსანტი გვყავს, მათ შორის საუკეთესოებს ვარჩევთ, თორემ მაგალითად, ორკესტრს "ბუდიონა გამანადგურებელს" კი არ ვადარებთ... ნახევარფინალში სამივე საბავშვო ორკესტრი რომ გადაგვეყვანა, მერე იტყოდნენ - რა ამბავია ამდენი ორკესტრიო?! მაყურებლის ინტერესს ვითვალისწინებთ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ბევრ მუსიკალურ სკოლას მიმართეს - არკვევდნენ, თუ ჰყავდათ ნიჭიერი შემსრულებლები. არ მესმის, ვინმესთვის პროექტში მონაწილეობა როგორ უნდა დაგვეძალებინა? კომენტარების დამონტაჟებას რაც შეეხება, სასცენო ნომერს სხვა შემსრულებლებლისთვის განკუთვნილ შეფასებას ნამდვილად არ "ვადებთ". ნომრებს სხვადასხვა დღის კასტინგიდან "ვიღებთ" და ერთსა და იმავე გადაცემაში "ვსვამთ", ჟიურის წევრებს სხვადასხვა ტანსაცმელი ამიტომაც აცვიათ. ეს "ვიწრო" ტექნიკური დეტალებია. ორკესტრის წევრები ნახევარფინალში რომ ვერ გადავიდნენ, ახლა ამბობენ, რომ ცუდ პირობებში იყვნენ?! ჩვენ კოორდინატორი გვყავს და ვცდილობთ, კონკურსანტებს კომფორტული გარემო შევუქმნათ. უბრალოდ, იმ დღეს განსაკუთრებულად ცივი ამინდი დაემთხვა... პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ყველა კონკურსანტი ერთნაირ პირობებშია. არავისთვის არაფერი დაგვიძალებია. |