2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული

2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული

2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული, ამიტომ მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროფესორმა ლადო პაპავამ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია.

„პრობლემა ისაა, რომ 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება. ამ პროგნოზის თანახმად 2017 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 4%. ეს დაცილებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზსაც. არც ქართულ ეკონომიკას და არც გლობალურ ეკონომიკას არ გააჩნია ისეთი სიმპტომები, რომ 4%-იანი ზრდა იყოს უზრუნველყოფილი. თუ 4%-იანი ზრდა არ იქნება, მაშინ გარკვეული პრობლემები დაუდგება სხვადასხვა სახეობის საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც უშუალოდ არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, ლადო პაპავას განცხადებით, ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ყოველთვის აკრიტიკოს ხელისუფლება.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ბიუჯეტს, არ გაიზიაროს პასუხისმგებლობა, ამიტომ მე ასეთ კრიტიკას სერიოზულ კრიტიკად ვერ აღვიქვამ. განსაკუთრებით ისეთი ოპოზიციისაგან, როგორიცაა ”ნაცმოძრაობა”. ის, რაც დღეს ქართულ ეკონომიკაში ხდება, ამ ვითარების შექმნაში ლომის წილი მიუძღვის სწორედ ”ნაცმოძრაობას”, რომელიც 9 წელიწადი ეკონომიკური აღმავლობის ილუზიას ქმნიდა, სინამდვილეში კი ქართულ ეკონომიკას ძირი ეთხრებოდა. აქედან გამომდინარე მათ მოსაზრებებს მე არანაირ კომენტარს არ გავუკეთებ. რაც შეეხება იმას, შესრულებადია თუ არა 2017 წლის ბიუჯეტი. უკვე ვთქვი, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული, ამიტომ მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა პაპავამ.