ვცდილობთ, ალეპოში ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ

ვცდილობთ, ალეპოში ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ

ჩვენ ვცდილობთ, სირიაში ალეპოში, ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს გაერო-ს ოფისის მეშვეობით, ჰუმანიტარული დახმარება რამენაირად მივაწვდინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მახათას მთაზე განაცხადა, სადაც ის ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და პრემიერ-მინისტრმა უპირველს ყოვლისა, საქართველოში ყველა ბავშვს უსურვა, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა.

„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიოყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დაესწრნენ. ასევე აქ იმყოფებოდნენ ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.