წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველეს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მახათას მთაზე განაცხადა, სადაც ის ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.
„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ ახლა გაერო-ს ოფისის მეშვეობით მივაწვდინოთ რამენაირად ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მახათას მთაზე ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი დაესწრნენ. ასევე აქ იმყოფებოდნენ ჩოხოსნები და სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების ბერ-მონაზვნები.