ვაშინგტონმა ან უნდა მიატოვოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს

ვაშინგტონმა ან უნდა მიატოვოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვაშინგტონმა ან უნდა მიატოვოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს, სხვაგვარად ასეთი საქციელი არასაკადრისია, - იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ამ სიტუაციაში ან უნდა შეწყვიტონ ამაზე საუბარი ან ბოლოს და ბოლოს მტკიცებულებები წარადგინონ. სხვაგვარად ასეთი საქციელი არასაკადრისია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო.

„ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ნებისმიერი უცხო ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოახდინოს ჩვენი არჩევნების სამართლიანობაზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები და ჩვენ მივიღებთ ამ ზომებს საჭირო დროს და საჭირო ადგილას“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოს.

მისივე განცხადებით, ის ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ჰაკერული შეტევების თაობაზე და რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ აშშ საპასუხო ქმედებებს განახორციელებს, რომელთა ნაწილი „აშკარა და გასაჯაროებული იქნება, ხოლო ნაწილი არა“.

„პუტინმა კარგად იცის ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემს განწყობაზე. მე მას უშუალოდ ვესაუბრე“, - აღნიშნა ობამამ.