უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში ქართველ სტუდენტებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ჩხუბის ფაქტს ადასტურებს

უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში ქართველ სტუდენტებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ჩხუბის ფაქტს ადასტურებს

უკრაინაში საქართველოს ელჩი, მიხეილ უკლება კიევში ქართველ სტუდენტებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ სასტუმროში, სადაც ქართველი სტუდენტები იყვნენ, ჩხუბი მოხდა.

”გიდასტურებთ, რომ სამწუხარო ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ჩხუბი მოხდა. ამჟამად ჩვენი კონსული და დესპანი იქ არიან. ყველაფერს ვარკვევთ. უკვე დავუკავშირდით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას კიევში - რექტორს ვესაუბრეთ. ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩართული არიან ადგილობრივი სამართალდამცავები”, - განუცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსს“.

მისივე თქმით, სასტუმრო, სადაც ინციდენტი მოხდა, კიევის გარეუბანში, დედაქალაქიდან დაახლოებით 19-20 კილომეტრში მდებარეობს.

„სასტუმროში დაახლოებით 50-ზე მეტი ქართველი სტუდენტი ცხოვრობს. ისინი თბილისიდან, კავკასიის ევროპული უნივერსიტეტიდან არიან მივლენილი კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში. იქ მარტო ქართველი სტუდენტები არ არიან, სხვებიც ცხოვრობენ. დალიეს, მერე ღამის ორ საათზე მოხდა შელაპარაკება, ჩხუბი. დაკავებული არავინ არ არის. დაშავებული იყო ერთი უკრაინელი და ერთი ქართველი, თუმცა ქართველი გამოწერეს საავადმყოფოდან”, - განაცხადა ელჩმა .