პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძეს განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის მზადყოფნის საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს დასვა.
დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წინადადება კონსულტაციებისთვის სივრცეს არ ტოვებდა.
„ეს გაწელილი საუბრები ამ თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია ზედმეტად და შეუსაბამოდ ქართულ რეალობასთან. იმისათვის, რომ ვიყოთ მართლები, ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ორი თვის წინ, 19 ოქტომბერს დასვა პირველად საკითხი მზადყოფნისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შემადგენელობასა და საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს იყო 19 ოქტომბერს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოუწოდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობას, რომ ამ საკითხზე საუბრის ნაცვლად კონცენტრაცია მოახდინონ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ.
„დღეს ქვეყნის წინაშე არის ბევრი სერიოზული, ძირითადად ეკონომიკური პრობლემა. შესაბამისად, მოვუწოდებთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენს მთავრობას, ლიდერებს, რომ ჩვენთან ერთად კონცენტრაცია მოვახდინოთ ამ საკითხების მოგვარებაზე,“ - აღნიშნა დოლიძემ.
რაც შეეხება იმას, რამდენად შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეცვალოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, დოლიძის თქმით, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ასრულებენ გადაწყვეტილებას, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო“.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებული წინადადება არ ტოვებდა სივრცეს კონსულტაციებისთვის.
”იყო კონკრეტული ფორმატი შემოთავაზებული საჯარო ფორმით. სამწუხაროდ, კონსულტაციისთვისაც კი არ ტოვებდა სივრცეს ის ფორმა, რომლითაც გაჟღერდა პრეზიდენტის ინიციატივა. ჩვენ არ გვქონდა სივრცე არც კონსულტაციებისთვის, არც ამ ფორმატის შესაბამისად მოქმედებისთვის, ამიტომ ჩვენ წარმოვადგინეთ ის ფორმატი, რომელსაც გთავაზობთ. ჩვენ შემოგთავაზეთ ის ფორმატი, რომელიც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა კობახიძემ გუშინ, პარლამენტის სხდომაზე.