ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მოლაპარაკებები ორი საათის გამავლობაში გრძელდებოდა.
“მე მათ ვუთხარი, რომ გადადგომას არ ვაპირებ. მათ თქვეს, რომ პრეზიდენტის გადადგომის გარდა, სხვა საკითხის განხილვის უფლებამოსილება არ აქვთ. ჩვენ შევთანხმდით მოლაპარაკებების გაგრძელებაზე”, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
სოხუმის ცენტრში, თეატრის წინ მდებრე მოედანზე ოპოზიციური პარტია “ამცახარას” მიერ ორგანიზებული საპროტეტსტო აქცია დილიდან დაიწყო. დემონსტრაციაში ორი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ისინი დეფაქტო პრეზიდენტს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომამდე დაშლაზე უარს აცხადებენ. მოგვიანებით, ე.წ. “სახალხო კრების” მონაწილეებმა თავინათ წარმომადგენელთა ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნეს.
აქციის დაწყებამდე აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ “სახალხო კრების” მონაწილეებმა შესაძლოა, ხალხის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტის “ფიზიკურად ჩამოშორება” სცადონ. სამთავრობო შენობებთან გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციამდე ერთი დღით ადრე აფხაზეთში გამოქვეყნდა პარტია “ამცახარას ერთ-ერთი ლიდერის რამაზ ჯოპუას სატელეფონო საუბარი, რომელშიც ის ძალადობრივ სცენარს განიხილავს.