თბილისის მერმა  აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი გახსნა

თბილისის მერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი გახსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) აღმოსავლეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარს დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სემინარის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა. შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საჯარო ადმინისტრირების რეფორმა და დეცენტრალიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. სემინარზე, ასევე, ისაუბრეს  2030 წელს  ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების როლსა და ადგილზე აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული სემინარი სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

„პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი  თვითმმართველობები  საერთო გამოწვევებსა და მათზე რეაგირების  საკითხებზე ვმსჯელობთ.   ასევე, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების გზაზე იმ  საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც ბევრმა ევროპულმა, წარმატებულმა ქვეყანამ უკვე გაიარა,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას, საქართველოს გარდა, დელეგაციები უკრაინიდან, მოლდოვადან, უნგრეთიდან, გერმანიიდან და ჩეხეთიდან ესწრებოდნენ.

სემინარზე დეცენტრალიზებული თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის დაძმობილებული ქალაქ ნანტის დელეგაციაც იყო მოწვეული. დელეგაციის წევრებმა თბილისის მერს დავით ნარმანიას, ნანტის მერის ჯოანა როლანის ნება გადასცეს, რათა წელს დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. კერძოდ, მოეწყოს ნანტი-ზაარბრიუკენი-თბილისის სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში დაგეგმილი პროექტი „საზაფხულო უნივერსიტეტი“. პროექტში მონაწილეობას სამივე ქალაქის ახალგაზრდული ჯგუფები მიიღებენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მერიაში, ციფრული ტექნოლოგიების შესახებ სემინარებსა და პრეზენტაციებს მოისმენენ.

აღმოსავლოეთ პარტნიორობის საკოორდინაციო სემინარი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ეროვნული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გაგრძელდება.