სპორტის კომიტეტმა პირველი სხდომა პარაოლიმპიური კომიტეტის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვას დაუთმო

სპორტის კომიტეტმა პირველი სხდომა პარაოლიმპიური კომიტეტის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვას დაუთმო

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი სხდომა საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიული გეგმის განხილვას დაუთმო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ქვეყნის იმიჯის და დემოკრატიულობის განმსაზღვრელი სწორედ შშმ პირთა მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა. სიმბოლურია, რომ რამდენიმე დღის წინ დასრულდა პარასპორტის კვირეული, რომელიც საზოგადოებაში პარასპორტული სახეობების პოპულარიზაციას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

სხდომაზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა შალვა მაისურაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა და გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა პარაოლიმპიური კომიტეტის შექმნიდან - 2003 წლიდან - დღემდე განვლილი გზისა და საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი პარასპორტსმენების წარმატებების შესახებ ისაუბრეს.

„ითქვა, რომ მომდევნო წლებშიც კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება სახეობების მიხედვით სპორტსმენთა მომზადება და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, საქართველოს ჩემპიონატების ჩატარება, მწვრთნელებისა და მსაჯების მომზადება და არაოლიმპიელთა ნაკრების წევრებისათვის მაღალი დონის ადაპტირებული საწვრთნელი პირობების შექმნა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის შედეგად იქნება შესაძლებელი.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სხვადასხვა სპორტულ სახეობათა ფედერაციებთან პარაოლიმპოური კომიტეტის თანამშრომლობისა და სამედიცინო-სადაზღვევო სისტემაში მათი ჩართულობის საკითხებით დაინტერესდნენ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მით უფრო, რომ ქართველი პარასპორტსმენები 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ბევრი პრობლემა წარმოაჩინა, რომელთა მოგვარების მიზნით თანამშროლობისთვის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს. ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე კომიტეტში შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ამ მიმართულებითაც იმუშავებს“, - განმარტავენ საქართველოს პარლამენტში.

შეხვედრას პარასპორტსმენები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.