კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი მიქელაძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი გახდა რომან გოცირიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მიმდინარე წელს საქართველოს რკინიგზა ძირითადად წაგებაზე მუშაობდა.
”ქართული ოცნების” დეპუტატმა გია მიქელაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს რკინიგზაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"რკინიგზასთან დაკავშირებით, მე გამოვალ პლენარულ სხდომაზე და ვაჩვენებ საქართველოს, როგორ გაძარცვეს "საქართველოს რკინიგზა". რატომ არის კატასტროფულ მდგომარეობაში. მილიარდები მოიპარეს და მე მაგას გრაფიკების მიხედვით ყველაფერს გაჩვენებთ. იქ თქვენ გყავდათ ხალხი მოკალათებული და ის ხალხი გაიქცა, არ დაიჭირეს. დღეს გამოდიხართ და ლაპარაკობთ, თითქოს ციდან მოფრენილი ხართ", - აღნიშნა მიქელაძემ.
რომან გოცირიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატს ჰკითხა რკინიგზასთან დაკავშირებით ინფორმაციას საიდან ფლობს. "რკინიგზა საიდან იცით?" - აღნიშნა გოცირიძემ.
"მე რომ გამოვალ პლენარულ სხდომაზე, მე თქვენ განახებთ, საიდან ვიცი რკინიგზა, როგორ ყიდდნენ და რატომ არ გაყიდეს. პორტები და რა ქნეს საქართველოში. ამ ყველაფერს განახებთ", - განაცხადა მიქელაძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, 2015 წელს რკინიგზაში ზარალი 76 მილიონი ლარი იყო.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში რკინიგზის თვითბრუნვა შემცირდა ერთი მესამედით”, - განაცხადა გოცირიძემ.