არ არის აუცილებელი მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება

არ არის აუცილებელი მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება

არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ასეთი შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, შტატების ოპტიმიზაციაც მოხდეს.

მთავრობის მეთაური თელავის საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონთან დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებულ  ინფორმაციას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მკაცრი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რადგან ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

„არ არის აუცილებელი, მეათეხარისხოვან კონფერენციებზე ნახევარი სამინისტროების დასწრება და სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ არის ასეთი შემთხვევები. კიდევ ბევრი ხარჯი, რომელიც შეიძლება ყველანაირი მტკივნეული გადაწყვეტილების გარეშე მივიღოთ და სხვათაშორის იმის გარეშეც, რომ ჩვენ პროპორციულად 10% ადამიანების შევამციროთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ნაწილში მოგვიწევს შტატების ოპზიტიმიზაციაც იქ, სადაც ფუნქციონალურ რეფორმებთან გვაქვს საქმე და ეს ამის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება, რადგან ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება. ჩვენ არაფერი სამაგისო არ გვჭირს დღეს ნამდვილად, გვაქვს საკმარისი რეზერვი, რომ დავაფინანსოთ ძალიან გაზრდილი მოთხოვნები ჩვენი განვითარების, რაც გამომდინარეობს ჩვენი  განვითარების ამბიციური გეგმებიდან და არავითარ შემთხვევაში არა ბავშვების კვების რაციონის ხარჯზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ვინაიდან ეს ინფორმაცია მედიაში არის გასული უკვე, ვალდებული ვარ, საჯაროდ გავაკეთო რეაგირება ამ საკითხზე”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შეუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება

„ეს არის ალბათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტის საქმე. მაგრამ  მინდა, ჯანდაცვის და განათლების მინისტრებს ვთხოვო, რომ ჩაერიოთ ამ საკითხში. მინდა, განვაცხადო სრული სერიოზულობით - არ ვიცი, თუ ასეთი რამ რეალობაა, რომელ ჩინოვნიკს მოუვიდა თავში ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუ ასეთი ჩინოვნიკი ბუნებაში არსებობს, მე მინდა, რომ ის ხვალ აღარ იყოს იმ თანამდებობაზე, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შეუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.