კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო ფორმატში იმუშავებს

კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო ფორმატში იმუშავებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები პრეზიდენტსა და მთავრობასთან გაიმართა.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბდა, რომ მუშაობა საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.

„იყო სხვადასხვა შემოთავაზება ფორმატთან დაკავშირებით, იყო პრეზიდენტის შემოთავაზება, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვაფასებთ, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ისე მთავრობასთან. კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა სხვადასხვა ფორმატთან დაკავშირებით. საბოლოოდ ჩვენ შევჯერდით არსებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც არსებითად საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მუშაობა. ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული არგუმენტები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებული კონსტიტუციური სისტემის ლოგიკა, ყველაზე მეტად საპარლამენტო ფორმატს მოითხოვს.

„ეს ფორმატი იქნება ყველაზე ეფექტიანი. ჩვენი ამოცანა და საბოლოო მიზანი არის კიდევ ერთხელ კონსტიტუციის გადასინჯვა, რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტიტუციის სრული შესაბამისობა ფუნდამენტურ პრინციპებთან, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან. დღეს ეს პრინციპი არ არის დაცული კონსტიტუციის მოქმედი ტექსტით, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.