ჯანდაცვის რეფორმა მეორე ეტაპზე გადადის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, რომ მოქალაქეებს მიეღოთ ის მომსახურება, რომელსაც დღეს ღებულობენ.
„ეს იყო უდიდესი შეღავათი, წინგადადგმული ნაბიჯი და ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც დღეს, სხვათაშორის, არაერთი ქვეყანა სწავლობს ჩვენს მაგალითზე. დღეს გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც პრიორიტეტები უფრო მეტად უნდა გამოვკვეთოთ საჭიროებებზე ორიენტირებული, სერვისებს განვითარება და ასევე ხარისხზე გავაკეთოთ უფრო მეტი აქცენტი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს მეორე, ახალი ეტაპის რეფორმების, რომლის განხორციელებაც, საჭიროებს უფრო პროაქტიულ ჩართულობას, მოქალაქეების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
„მინდა, ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო, აქტიურად იმუშაოთ კლინიკების მენეჯმენტთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, მოახდინოთ კლინიკური აუდიტის ფორმით, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესწავლა. იქნება ის ინფექციებზე კონტროლი, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, გართულების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებები, შემთხვევები. სამედიცინო მოვლის ხარისხი უნდა გახდეს პრიორიტეტი, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.