ჩვენ ვიცით, რომ რუსი პოლიტიკოსები აპლოდისმენტებით არ შეხვდებიან საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ვროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს რუსი დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, სადაც რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი არის "სატყუარა", რომელიც ხალხის ცხოვრებას არ გააუმჯობესებს და მათ ყოფით პრობლემებს არ მოაგვარებს.
როგორც თამარ ხულორდავა აცხადებს, რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სიახლე არ არის.
„გუშინ ძალიან სამართლიანად ვიყავით ყველა კარგ განწყობაზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული. ამ განწყობას ვერ გაგვიფუჭებს კალაშნიკოვი და მისი გამონათქვამები. ჩვენ ვიცით, რომ რუსი პოლიტიკოსები აპლოდისმენტებით არ შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ერთი ნაბიჯით წინ გვწევს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) გუშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი დაამტკიცა.