პროკურატურა აბსოლუტურად უმოტივაციოდ გვეუბნება უარს საქმის მასალების გაცნობაზე

პროკურატურა აბსოლუტურად უმოტივაციოდ გვეუბნება უარს საქმის მასალების გაცნობაზე

თუ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი არის ბრალდებული, მაშინ სხვა სტანდარტია, თუ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი დაზარალებულია - მაშინ სხვა სტანდარტი, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს გამოძიებას, რომ დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში, გადასცეს ასლები ან ადგილზე მოხდეს მასალების გაცნობა.

”მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს გამოძიებას დაზარალებულად ცნობის შემთხვევაში, გადმოგვცეს ასლები ან უკიდურეს შემთხვევაში, აღნიშნული მასალების იქვე გაცნობა მოხდეს. ჩვენი მოთხოვნა თავიდანვე როდესაც მთავარ პროკურორს მივწერეთ 10 დღის წინ, ზუსტად იმაში მდგომარეობდა, ვართ თუ არა საერთოდ ამ საქმეში დაზარალებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა დაზარალებულად ცნობა. ხოლო რაც შეეხება მეორე პუნქტს, რომ მოხდეს ჩვენთვის იმ საქმის მასალების შინაარსის გაცნობა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, მივიღეთ უარი. ეს არ ყოფილა წერილობითი ფორმით, მაგრამ როდესაც ჩვენ დავუკავშირდით საგამოძიებო ნაწილს გვითხრეს, რომ არ გაგვაცნობდნენ ამ ეტაპზე და მხოლოდ და მხოლოდ გაგვაცნობენ მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეს წარგზავნიან სასამართლოში. ეს არის ზუსტად ის ორმაგი სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ. იმ შემთხვევაში თუ პირი არის ბრალდებული და არის ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სხვა სტანდარტია, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულია - სხვა სტანდარტია”, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა უმოტივაციოდ ეუბნება უარს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე.

”იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვახსოვს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, როდესაც არათუ გააცნეს დაზარალებულის ინტერესების დამცველს სისხლის სამართლის საქმის მასალები, არამედ ქსეროასლები გაუმზადა თავისივე ხარჯით პროკურატურამ და გაატანა. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ იმ უფლების რეალიზებას, რომლის უფლებაც კანონით გვაქვს მონიჭებული. კანონში წერია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაზეც ჩვენ პროკურატურა აბსოლუტურად უმოტივაციოდ გვეუბნება, რომ უბრალოდ არ გაგვაცნობენ, მათ ასე სურთ, რადგან ასე სურთ ასე იქნება. რაც შეეხება საქმის შინაარსობრივ ნაწილს ძალიან ძნელია ვისაუბროთ სხვა დეტალებზე, როდესაც არ ვიცით რა ხდება ამ სისხლის სამართლის საქმეში. შეიძლება გვქონდეს ეჭვი, ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალურად აკეთებენ, რომ ჩვენ არ ვნახოთ იქ პროცესუალური დარღვევები, რაც შემდგომ ახლანდელ ბრალდებულს შეუქმნის კარგ პირობებს სასამართლოში ჩამოიშლება ეს საქმე, ან შეიძლება წინასწარ გამოძიებაშივე დაშალონ პროცესუალური დარღვევების გამო. ჩვენ ვითხოვთ ლეგიტიმურად, კანონის შესაბამისად მოგვცენ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს, ჩავიხედოთ შიგნით დავსვათ კითხვები, რომლებიც არსებობს”, - განაცხადა ჩივიაშვილმა.

4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. აფეთქების შედეგად 5 პირი დაშავდა.