“The Beatles”-ის სურათს აუქციონზე გაიტანენ

“The Beatles”-ის სურათს აუქციონზე გაიტანენ

გამოცემა “The Guardian”-ის ცნობით, მიმდინარე წლის 22 მაისს, ქალაქ ლონდონში მდებარე ბლუმსბერის აუქციონზე გასაყიდად ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის ერთ-ერთი ცნობილი სურათის ორიგინალს გამოიტანენ.

საუბარია ფოტოსურათზე, რომელზეც ლივერპულელი ოთხეული “Abbey Road”-ის ქუჩაზე გადასვლის დროს არის დაფიქსირებული. სურათები 1969 წლის აგვისტოში ფოტოგრაფმა იენ მაკმილანმა გადაიღო.

ამ ფოტოსესიის დროს გადაღებული სურათი ალბომი “Abbey Road”-ის გარეკანისთვის გამოიყენეს. ეს დისკი ჯგუფის ისტორიის განმავლობაში რიგით მე-12 გახლდათ.

საინტერესოა, რომ ყოველწლიურად ამ ადგილს ჯგუფის რამდენიმე ათასი თაყვანისმცემელი სტუმრობს. სურათში მოხვედრილი ავტომანქანა “ფოლქსვაგენი” კი 1986 წელს ერთ-ერთ აუქციონზე, 2.5 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

22 მაისს დანიშნულ აუქციონზე გამოტანილი ფოტოსურათის საწყისი ფასი 8 ათასი გირვანქა სტერლინგია.