ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ევროკომისიის სპეციალურ მისიასთან, რომელსაც ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის სამმართველოს უფროსი მატიე ბუსკე ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა. შეხვედრას ევროპული მხარიდან, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი იანოშ ჰერმანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს 2017-2020 წლების ევროკავშირის დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები და სტრატეგიული პროექტები. ევროკომისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მიმდინარე კვირას სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 2017-2020 წლების ევროკავშირის დახმარების კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებული კონსულტაციები. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მომავალი დახმარება მორგებული იქნება ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.