ანრი ჯოხაძემ ევროვიზიის „კრისტალ ჰოლის“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა

ანრი ჯოხაძემ ევროვიზიის „კრისტალ ჰოლის“ სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა

ბაქოს „კრისტალ ჰოლის“ სცენაზე 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველმა მონაწილემ ანრი ჯოხაძემ პირველი რეპეტიცია გაიარა.

ანრი სცენაზე ბექ ვოკალისტების ვერიკო ტურაშვილის, ნინო ძოწენიძის, ნინი შერმადინის და მაგდა ჯოხაძის თანხლებით გამოვიდა. სასცენო გამოსვლაში პროფესიონალი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა მონაწილეობდა. სცენოგრაფიაზე ცნობილი ქართველი რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა.

ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა გიგანტურ დოლზე და ფორტეპიანოზე დაუკრა.

ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე  eurovision.tv  ქართველი კონკურსანტის რეპეტიციის შემდეგ პირველი შეფასებები განთავსდა,- „სასცენო წარმოდგენა, მოძრაობები დინამიური და სწრაფი იყო, სიმღერა ძლიერი... ანრი ჯოხაძემ შესანიშნავი ვოკალური შესაძლებლობები წარმოაჩინა... სცენაზე წითელი ფერი ჭარბობდა. გამოყენებული იყო ცეცხლისა და კვამლის ეფექტებიც“.

საიტზე  განთავსებულია საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაია ბიჭიკაშვილის  განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით  ჟურნალისტებთან აღნიშნავს, - „ქართველ ხალხს აქვს მოლოდინი, რომ მალე ევროვიზიის გამარჯვებული გახდება.  შესანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროვიზია კავკასიაში ტარდება“.

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალზე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 ნომრად იმღერებს.