რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში მორიგი კლიპი გამოჩნდა. ბათუმს ამჯერად პოლონელი მომღერალი ნატალია ლესი უმღერის. ნატალია ლესის და სოფო ნიჟარაძის ბათუმზე გადაღებული ვიდეოკლიპები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება. არ ვიცით, სარწმუნოა თუ არა, მაგრამ ამბობენ, ორივე ვიდეორგოლის სცენარი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით დაიწერაო. ისე, მსგავსება მართლაც აშკარაა... როგორც შევიტყვეთ, ნატალია და მიშა სააკაშვილი დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. პოლონური პრესის ცნობით, ისინი ამერიკაში ერთსა და იმავე უნივერსიტეტში სწავლობდნენ. სიმღერას, რომელსაც ლესი ასრულებს, 1968 წელს ჯგუფი "ფილიპინკები" ასრულებდა. პოლონური სიმღერის ახალი ვერსია "ბრავო რეკორდსში" ჩაიწერა, კლიპი კი ზაზა ორაშვილმა გადაიღო.
პრეზიდენტისთვის, ალბათ, სასიამოვნოა ისიც, რომ სიმღერაში ჟღერს სიტყვები: "მიშა იესტ", რაც ქართულად ითარგმნება, როგორც "სასიამოვნოა". ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს პროექტი საქართველოს მთავრობას 150.000 დოლარი დაუჯდა. კლიპი პოლონურ არხებზე უკვე გადის და ის მიზნად ისახავს პოლონელი ტურისტების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში. პოლონელი ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსვლა და სიმღერის ჩაწერა სამთავრობო დონეზე რომ გადაწყდა, ამას ჩვენ მიერ მოპოვებული ფოტოც მოწმობს.
სტუდია "ბრავო რეკორდსის" მფლობელთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობდით. ჯერ გვითხრეს, გასულიაო, შემდეგ თათბირზეაო და ბოლოს ტელეფონი გაგვითიშეს. ამიტომ ვიდეორგოლის რეჟისორ ზაზა ორაშვილს დავუკავშირდით:
- ჯერჯერობით ამ პროექტზე ინფორმაციას ვერ გავახმაურებ.
- კლიპი უკვე დაიდო ინტერნეტში, მართლა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეთანხმებით გადაიღეთ?
- ვიცი, რომ ინტერნეტში დაიდო, მაგრამ კონტრაქტი მაქვს დადებული, ვიდრე კლიპს ქართული არხები არ დაატრიალებენ, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. უკაცრავად!
ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით პოლონელ მომღერალ ნატალია ლესის, რომელიც კომენტარზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:
- იმეილზე მომივიდა შეტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, მწერდნენ, თუ სურვილი გექნებათ, პოლონეთში საქართველოს, კერძოდ ბათუმის პოპულარიზაციისთვის სიმღერა ჩავწეროთო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. რადგან ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოს პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა. მე ძალიან მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართული ღვინო, კერძები, ხალხი. ვფიქრობ, სამართლიანად მომანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. აწი თქვენს ქვეყანაში ხშირად ჩამოვალ.
- რამდენი გადაგიხადეს ამ პროექტისთვის?
- მე არ მქონია ფინანსური დაინტერესება, ამას მხოლოდ საქართველოს სიყვარულით ვაკეთებ და ამით ვამაყობ.
- მართალია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტში?..
- ჩვენ ვსწავლობდით ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ სხვადასხვა დროს, რადგან თქვენს პრეზიდენტზე ახალგაზრდა ვარ...
- მართლა მეგობრობთ სააკაშვილთან?
- მას აქამდე მხოლოდ პრესითა და ტელევიზიით ვიცნობდი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი გადაღებებზე, მაშინ გავიცანი. ის გადასაღებ მოედანზე მოვიდა და აღფრთოვანებული იყო ჩვენი ჯგუფის მუშაობით.
- ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ძალიან მოსწონს თქვენნაირი ლამაზი ქალები. ალბათ, კომპლიმენტები არ დაიშურა თქვენ მიმართ.
- თქვენგან მესმის პირველად, რომ ლამაზი გოგონები უყვარს. დიდი მადლობა, ქათინაურისთვის. სააკაშვილს პირადად ჩემთვის კომპლიმენტი არ უთქვამს.