ანრი ჯოხაძე:

ანრი ჯოხაძე: "ბევრს უნდა, რომ "ევროვიზიაზე" ჩავისვარო!.."

 

ანრი ჯოხაძე მაისის ბოლოს ბაქოში გაემგზავრა, სადაც "ევროვიზიის" კონკურსში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის ფინალი 26 მაისს გაიმართება. სანამ ანრი ჯოხაძე ჩვენი ქვეყნის წლევანდელი წარგზავნილი გახდებოდა, მანამდე ის "ევროვიზიაზე" რამდენიმე წლის წინ დიანა ღურწკაიას ბექ-ვოკალისტის ამპლუაში ვიხილეთ. ანრის 13 კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული, ვოკალური მონაცემები, ვიზუალი და რეპერტუარიც ხელს უწყობს, რომ "ევროვიზიაზე" წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ვნახოთ, რა და როგორ მოხდება.

ანრისთან ერთად მიემგზავრებიან ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები - ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე და ნინი შერმადინი, ასევე მომღერლის და, მაგდა ჯოხაძე. ჯგუფს ასევე დაემატა "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამორჩეული სახე, "თელას" მოცეკვავე სალომე ჭაჭუაც. როგორ შოუს ამზადებს მომღერალი "ევროვიზიისთვის", ამაზე თავად გვიამბობს, თუმცა დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მან მცირე ხნის წინ კახეთში ტურნეც გამართა, ასე რომ, სანამ ანრი ჯოხაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, მანამდე გვინდა გიამბოთ მისი ტურნეს შესახებ. ტურნეს საინფორმაციო მხარდამჭერი ჟურნალი "რეიტინგი" იყო. როგორც კონცერტების პროდიუსერ ბექა ხალათაშვილისგან შევიტყვეთ, ყოველთვის მხიარული და ენერგიული ანრი კახეთშიც კარგად გაერთო და მაყურებელიც გაახალისა. ანრის კახურ ტურზე ბექამ ბევრი საინტერესო ამბავი გვიამბო.

ბექა ხალათაშვილი:
- ანრიმ კონცერტები საგარეჯოში, ყვარელში, ველისციხესა და ლაგოდეხში გამართა. ახალი წლის წინ მას კონცერტი ჰქონდა ახმეტაში და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გაზაფხულზე კახეთის საკონცერტო ტურნე მოგვეწყო. მოგვიანებით ანრიმ "ევროვიზიის" შიდაშესარჩევ ტურზე გაიმარჯვა და ახლა ბევრი საქმე აქვს, მაგრამ დანაპირები შეასრულა და კახელებისთვის ძალიან კარგი კონცერტები გამართა. ანრის კახეთი განსაკუთრებულად უყვარს.

- რომელ ქალაქში მიიღეს ყველაზე კარგად?
- ნამდვილად არ ველოდებოდი ანრის კონცერტებზე ანშლაგებს. ყველა ქალაქის კულტურის სახლში ორმაგი მაყურებელი მოდიოდა. ბავშვები დარბაზში ვერ ჩერდებოდნენ. სცენაზე ადიოდნენ და ანრისთან ერთად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მაყურებლისგან ისეთი დადებითი მუხტი მოდიოდა, რომ ანრიმ ყველა სიმღერა ცოცხლად იმღერა. მაყურებელს ვერ ვაკადრეთ, რომ სადმე ფონოგრამა გაგვეპარებინა. ანრი ბოლომდე დაიხარჯა. კონცერტებში ანრისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს "ნიჭიერის" ფინალისტებმა, ლაგოდეხის ანსამბლმა "ჰერელი გოგონები" და "მელოდია არტის" 2011 წლის ფინალისტმა ნიკა თათოშვილმა.

ანრი შეცვლილი იმიჯით კახელებმა როგორ მიიღეს?
- სიმართლე გითხრათ, კონცერტების დაწყებამდე მე, ანრი და კონცერტის წამყვანი თამუნა გომართელი ამ საკითხზე ვსაუბრობდით. ხუმრობით ვამბობდით, ტრადიციების მოყვარული კახელები ამან არ დაგვიშინოსო, მაგრამ ჩვენი შიში არ გამართლდა. ანრის კახელები სიყვარულითა და ოვაციებით შეხვდნენ და მისი თმის ფერისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ. 

- დარწმუნებული ვარ, კახეთში ანრის ტური კურიოზების გარეშე არ ჩაივლიდა. 
- მთელი ტურის განმავლობაში ღამეები არ გვეძინა. თელავში ყოფნისას ღამე ალუჩა მოგვინდა. გავედით ქალაქში და რომელიღაც ეზოში დავინახეთ ალუჩის ხე. გადავედით ეზოში და დავიწყეთ ალუჩის ჭამა. პატრონმა, რასაკვირველია, გაიგო და გაბრაზებული, სახლიდან ტრუსებით გამოვიდა. ანრი რომ დაინახა, თავი სიზმარში ეგონა. აზრზე რომ მოვიდა, შინაც შეგვიპატიჟა, მარწყვით გაგვიმასპინძლდა და რომ მოვდიოდით, ალუჩაც გამოგვატანა. ასე მხოლოდ სტუმართმოყვარე კახელები თუ მოიქცეოდნენ. ველისციხეში კი ჩვენი ხმის რეჟისორი საპირფარეშოში ჩაიკეტა და მინი-დისკები ჯიბეში ჰქონდა, ამიტომ კონცერტს ვერ ვიწყებდით. საპირფარეშოს კარის ჩამოხსნას ნახევარი საათი მოვანდომეთ. კონცერტიც ამის გამო გვიან დაიწყო. 

მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველს ერთი კარგი ამბავი გავუმხილო. "ევროვიზიის" დამთავრების შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, ანრი რომელ ადგილს დაიკავებს, ვგეგმავთ, პიაცაზე მისი გრანდიოზული კონცერტი გავმართოთ, რომელშიც მონაწილეობას ანრის საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეგობარი მომღერლებიც მიიღებენ. 

ამ ტურნეს შემდეგ, რომელზეც ვრცლად მოგახსენეთ, ანრი თბილისში დაბრუნდა და თავის ჯგუფთან ერთად რეპეტიციები განაგრძო. გარდა ამისა, მან "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალზეც შეასრულა ერთი სიმღერა, ღონისძიების ბოლოს. ანრის იმდენად დაძაბული დღის გრაფიკი აქვს, რომ ვრცელი ინტერვიუსთვის ვერ იცლის, ამიტომ მას ტელეფონით დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო შეკითხვა დავუსვით, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს. 

ამბობენ, რომ ანრი ძალიან ნერვიულობს და "ევროვიზიაზე" წასვლა ამ წელს საერთოდ არ უნდოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა შიდა კონკურსზე გამოსვლა. ალბათ, ანრი სწორედაც რომ ძალიან კარგი კანდიდატურაა "ევროვიზიისთვის", რადგან ამ ფორმატის კონკურსისთვის, მისი მსგავსი შემსრულებელი, რომელსაც ვოკალურად ყველაფერი წესრიგში აქვს და შოუმენობისკენ დიდად არის მიდრეკილი, სწორედაც რომ ზედგამოჭრილია. გარდა ამისა, შოუბიზნესის წრეებში ჭორაობენ, რომ ანრიმ თავისი ვოკალის წარმოსაჩენად მთლად კარგი სიმღერა ვერ შეარჩია. რა პასუხები აქვს "ევროვიზიამდე" ორი კვირით ადრე ამ შეკითხვებზე მის ადრესატს, ქვემოთ თავად მოგახსენებთ. 

- ანრი, გვაინტერესებს, რა შოუს შესთავაზებ მაყურებელს "ევროვიზიაზე".
- შოუს დგამს რეჟისორი ლაშა ონიანი, ის უცხოეთში მოღვაწეობს და სპეციალურად შოუსთვის ჩამოვიდა საქართველოში. მე მას მონახაზი დავახვედრე. სიმღერიდან და კლიპიდან გამომდინარე, სცენაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო როიალი, ეს და სხვა დეტალები ლაშას ვუთხარი, რომ გაეთვალისწინებინა. სცენაზე ასევე იქნება ყველაზე დიდი დოლი საქართველოში, რომელიც სპეციალურად "ევროვიზიისთვის" გაკეთდა. თავიდან, სიმღერის კლასიკურ ნაწილში ვიქნები განსხვავებულ სამოსში, შემდეგ კი გამოვიცვლი. ლაშას მთელი ეს იდეები მივაწოდე და პროფესიონალურად შეკრა. ჩემი მეგობრები, ბექ-ვოკალები ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი და ჩემი და, მაგდა ჯოხაძე მაძლიერებენ ძალიან. 

შენს ჯგუფს ახლახან სალომე ჭაჭუაც შეუერთდა. 
- გასაოცარი მოცეკვავეა. სალომე ახლა შემოგვიერთდა და ის ნომრის მსვლელობისას სამჯერ გამოჩნდება სცენაზე. საზოგადოება უკვე იცნობს სალომე ჭაჭუას და იცის, რა დონის პროფესიონალია. მის გამოჩენას ძალიან დიდი ეფექტი ექნება, ამიტომ გვინდა, მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. 

ვფიქრობ, მაყურებელს მასშტაბურ შოუს შევთავაზებთ. ძალიან ეფექტური იქნება. ნაკლებად მგონია, რომ "ევროვიზიაზე" ჩემსავით გრანდიოზული შოუ ვინმეს ჰქონდეს წარმოდგენილი, რადგან სიმღერაც რამდენიმენაწილიანია, შოუ 3-4 ნაწილად დაიყოფა. ფინალში კი, რომელიც 26 მაისს გაიმართება, ისეთი სიურპრიზი ელოდებათ ქართველებს, რომ თითოეული პატრიოტიზმის გრძნობით განიმსჭვალება. ცუდად სიმღერა უბრალოდ, არ შემიძლია. შევეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო და ასევე მინდა, ამ შოუმ ქართული მუხტი წარმოაჩინოს და მისი მსვლელობისას ძარღვი არ დაიკარგოს. 

- ანრი, ამბობენ, რომ ძალიან ნერვიულობ. მართალია?
- საერთოდ არ ვნერვიულობ. ჩემ გარდა ყველა ნერვიულობს. რომ ავღელდე, ამისი შედეგი რა იქნება?!. სულაც არ მინდა, რომ კონკურსის წინ ხმა წამივიდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვიტყვი, იმდენი სანერვიულო იყო ამ კონკურსთან დაკავშირებით, რომ ბოლოს ნერვიულობაზე ხელი ჩავიქნიე. ყოველი ფეხის ნაბიჯზე დღემდე უამრავი პრობლემა მხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულით უნდა დავეცე. აქამდე 13 კონკურსი გამომივლია და ყველგან ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და რაღა მაინცდამაინც "ევროვიზიაზე" უნდა დამემართოს რამე?!. რაც აქამდე გამიკეთებია, მინდა, არანაკლები და უფრო მეტიც ვაჩვენო. ბევრს აქვს იმის იმედი, რომ ამ კონკურსზე ჩავისვრი, მაგრამ ასე არ იქნება (ხარხარებს). 

- არიან ცუდის მსურველი ადამიანები?
- საერთოდ, საქართველოში გამორჩეულად კარგი ადამიანები არ უყვართ, უფრო სწორად, ვერ იტანენ. ეს არის ჩვენი სოციუმის პრობლემა და მენტალიტეტის ბრალი. ადამიანები ვერ ეგუებიან სიახლეებს. სააკაშვილმა რაც უნდა ბევრი ახალი ქალაქი აგვიშენოს, თუკი ამ დებილურ მენტალიტეტს არ ვძლიეთ, არაფერი გამოვა. იმის მაგივრად, რომ გაუხარდეთ, ცდილობენ, ვინც გამორჩეულია და კარგს აკეთებს საკუთარი ქვეყნისთვის, - და მე ჩემი სიმღერით ცუდი ნამდვილად არაფერი გამიკეთებია, პირიქით - ლანძღონ. 

- გაინტერესებს ეს მოსაზრებები?
- ძალიან მაგრად მკიდია, თუმცა მაინც მაკვირვებენ ბოროტად გააქტიურებული ადამიანები. ეთერში "ასი გრადუსი ცელსიუსით" გავიდა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, სიტყვები, რომლებიც ვთქვი, იქ მყოფმა რამდენიმე მომღერალმა საკუთარ თავზე მიიღო. ეს უკვე მათი პრობლემაა, მაგრამ გასაოცარი ამბავია, რატომ მიიღეს საკუთარ თავზე?!. ეტყობა, ძალიან ცუდი თვითშეფასება აქვთ (იღიმება). 

ისევ შოუს დავუბრუნდეთ და სკანდალური იქნება შენი გამოსვლა?
- რას ეძახით თქვენ სკანდალს? რას ნიშნავს ეს? სცენაზე არ მესმის, სკანდალი როგორ უნდა დადგა და რა უნდა იყოს ეს. სკანდალი იყო, მაგალითად, როცა ვერკა სერდიუჩკა ქალის კაბით გამოვიდა ან დანა ინტერნეიშენალი ტრანსსექსუალი აღმოჩნდა, თუ ჩაიხდი და მაყურებელს სასქესო ორგანოს დაანახვებ, ეს იქნება სკანდალი, მაგრამ ის მონაწილე, რომელიც ამას გააკეთებს, დისკვალიფიკაციას მიიღებს. არა მგონია, რომ ჩემი სასქესო ორგანოს ხილვა ვინმეს გაუხარდეს "ევროვიზიაზე". სკანდალური ტიპაჟი შესაძლოა იყო და ასეთი მე ვარ, მაგრამ სკანდალში გახდას თუ გულისხმობთ, მე არ ვაპირებ, საქართველოსთვის და "ევროვიზიის" ქართული წარმომადგენლობისთვის ამგვარი უხერხულობა შევქმნა. თანაც, ეს კანონით ისჯება. 

ანრი, ბოლოს გკითხავ, შოუბიზნესურ წრეებშიც გამიგია ეს ლაპარაკი და ისეც, რომ სიმღერას გიწუნებენ და ამბობენ, რომ შენი ვოკალი "ჯოკერში" კარგად არ ჩანს. 
- ძალიან კარგად ჩანს, გა-და-სა-რე-ვად!.. თავიანთ თავებს მიხედონ, დამეწიონ და მერე ილაპარაკონ ჩემზე. ვინ ლაპარაკობს ამის შესახებ?

- ვერ დაგისახელებ. 
- (იცინის) ყველამ თავის წარუმატებელ კარიერას მიხედოს!..

მოკლედ, ასეა, ანრი თავის სტიქიაშია. დარწმუნებული ვართ, ანრის კარგი გამოსვლა ექნება და "რეიტინგის" სახელით წარმატებებს ვუსურვებთ!..