საპატრიარქოში რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

საპატრიარქოში რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოში ქვეყანაში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უმასპინძლა. უწმინდესის განცხადებით, საქართველოში მუდმივად იყო და იქნება რელიგიების ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ მზად არის ყველა კონფესიასთან სათანამშრომლოდ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრა მსოფლიო ტოლერანტობის დღის აღსანიშნავად გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვა წარმოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ. მან ტოლერანტობის დღე მიულოცა საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიურ კონფესიას და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კიდევ უფრო გაღრმავდება რელიგიათა შორის ურთიერთობები, რადგან ეს ტრადიცია საქართველოში ახალ დროში არ დაწყებულა და რომ მას ფესვები ჩვენი ქვეყნის შორეულ ისტორიაში აქვს.
რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა - იუდეველური აღმსარებლობის რაბინმა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მუფტებმა, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლმა, ლუთერთა, კათოლიკეთა, იეზიდთა და სხვათა რელიგიურმა ლიდერებმა მადლობა მოახსენეს პატრიარქს მიღებისათვის და გამოთქვეს რწმენა, რომ საქართველოში არსებული რელიგიური ტოლერანტობის ტრადიცია გაგრძელდება.