პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის დანიშნავს პირველ სხდომას

პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და სწორედ პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის დანიშნავს პირველ სხდომას

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის ჩანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. 

კითხვაზე, გაიმართა თუ არა კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტსა და ”ქართულ ოცნებას” შორის, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ზოგადად, მსგავს საკითხებზე მხარეებს შორის კონსულტაციები იმართება.

”ზოგადად, ასეთ საკითხებთან მიმართებაში პროცესის მონაწილეებთან იმართება კონსულტაციები, თუმცა ამ შემთხვევაში მე სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, სპეციალური დისკრეციის მქონე და სწორედ მისი გადასაწყვეტია, როდის დანიშნავს სხდომას”, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება იმას, მისი ეს განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ ”ქართული ოცნების” წევრები პრეზიდენტის ”საყვედურს” იღებენ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „საყვედური არაფერ შუაშია“.

”საყვედურზე არ არის საუბარი. ეს იყო მათი საქმე და მეც დაგიდასტურეთ ეს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კანონით დადგენილ ვადებში ჩანიშნავს შესაბამის სხდომას”, - აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის პირველი სხდომის ჩანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან თარიღის განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივაა,

პარლამენტის ცალკეულმა წევრმა კი უკვე დაანონსა რომ ახალი მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბებოდა.