სერგი კაპანაძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს მხარს

სერგი კაპანაძე „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის კანდიდატურას უჭერს მხარს

 თითის გაშვერა არ უნდა იყოს არავის მიმართ, არც მიხეილ სააკაშვილზე და არც სხვა ადამიანებზე პარტიაში, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებელ პირებს ეხებოდა. 

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, არჩევნებზე დამდგარი შედეგების მიზეზების შესწავლა პარტიას უკვე დაწყებული აქვს და მისი შედეგები ცნობილი ყრილობაზე გახდება.

”ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტული არის დამნაშავე იმ შედეგში, რაც დადგა, არასწორია. თითის გაშვერა არ უნდა იყოს არავის მიმართ, არც მიხეილ სააკაშვილზე და არც სხვა ადამიანებზე პარტიაში. შესწავლა იმისა, თუ რა მიზეზებმა განაპირობა ის შედეგები რაც დადგა, მოხდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და შესწავლის შედეგები წარდგენილი იქნება ყრილობაზე. უნდა ითქვას, რომ აზრთა სხვადასხვა პარტიაში ორ საკითხზე იყო. პირველი - უნდა შევსულიყავით თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები პარლამენტში და ამის გადაწყვეტა მოხდა პარტიის უმრავლესობის მიერ. ეს არის ასევე ის მუხტი, რომელიც მოდიოდა ასევე მოსახლეობიდან და ჩვენი ამომრჩევლებიდან. მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებობს ეს არის ის, რომ ჩვენ გვგონია, მომავალში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს არჩევნების გზით, მათ შორის პარლამენტში და ასევე სხვა კანონიერი მეთოდებითაც”, - აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, პარტიაში გადაწყვეტილებები  პარტიის შიგნით შეთანხმებული პრინციპებით მიიღება. 

”პარტიაში გადაწყვეტილებები დღეს არსებული ინსტიტუტების მიერ მიიღება, რომელიც მოქმედებს იმ წესებით, რომელიც შეთანხმებულია პარტიის შიგნით. ეს არის პოლიტსაბჭო, რომელიც ძირითად საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს. მომავალში მისი შემადგენლობა რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ყრილობაზე. აქედან გამომდინარე, კითხვები იმაზე, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ჩემი აზრით, არასწორია”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება ყრილობის ჩატარების საკითხს და მის წარმომადგენლობითობას, როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ყრილობა ძალიან მალე ჩატარდება და ის იმ გონივრული წარმომადგენლობითობის შესაბამისი იქნება, რომელიც ზოგადად არსებობს. 

”მთავარი ამოსავალი წერტილი აქ არის ის, რომ ყრილობის დელეგატები ჩვენი ამომრჩევლის ნების გამომხატველი იყოს და ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. არასერიოზული და არასწორია საუბარი იმაზე, რომ ეს იქნება მცირე რაოდენობის დელეგატთა ყრილობა. მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპით შერჩეულმა დელეგატებმა ყრილობაზე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ იქნება მომავალი ხელმძღვანელობა და რა სტრატეგია ექნება პარტიას, მომდევნო საარჩევნო პერიოდში”, - აღნიშნა კაპანაძემ. 

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შესაძლოა რამდენიმე კანდიდატი იყოს წარდგენილი და ერთ-ერთი დავით ბაქრაძეც შესაძლოა იყოს. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ის ბაქრაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.