ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს პარლამენტის სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს

ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს პარლამენტის სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს

როცა პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნოს პირველი სხდომა, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კონსულტაციების შედეგად, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა დეპუტატები პირველი სხდომის ამა თუ იმ თარიღს ასახელებდნენ, თავისთავად კონტექსტში იგულისხმებოდა, რომ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი იღებს.

”სხდომის დანიშვნის უფლებამოსილება არის პრეზიდენტის პრეროგატივა და ამას გააკეთებს პრეზიდენტი. ის, რომ ზოგიერთი დეპუტატი საუბრობს სხდომის სავარაუდო თარიღზე, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს”, - განაცხადა კახიანმა.
კითხვაზე, გაიმართა თუ არა კონსულტაციები პრეზიდენტთან თარიღთან დაკავშირებით, კახიანმა უპასუხა, რომ ბუნებრივია, გარკვეული კონსულტაციები არსებობს.

”პრეზიდენტი ითვალისწინებს იმ რეალობას, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ. დარწმუნებული ვარ, როცა პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის დაინიშნოს პირველი სხდომა, ეს იქნება კონსულტაციების შედეგად”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პრეზიდენტი დეპუტატებს მოუწოდებს პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ ”ნაჩქარევი განცხადებების” გაკეთებისგან თავი შეიკავონ.