ქვეყნის ინტერესებში არაა, ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა და სწორედ ესაა მთავარი ღერძი აზრთა სხვადასხვაობის

ქვეყნის ინტერესებში არაა, ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა და სწორედ ესაა მთავარი ღერძი აზრთა სხვადასხვაობის

დღეს ქვეყნის ინტერესებში არაა, ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა და სწორედ ესაა მთავარი ღერძი ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, არ შეეფერება სიმართლეს ის განცხადება, თითქოს პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი ბრალია არჩევნების შედეგები და თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით ვინმემ ხელი მიხეილ სააკაშვილისკენ გაიშვირა.

„რეალურად ჩვენს აზრებში არსებითი და ფუნდამენტური განსხვავება არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა წასულიყო პარტია საპარლამენტო თუ ქუჩის და რევოლუციის გზით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი აქტივის ინტერესებშია, რომ არჩევნების გზით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, ამისთვის უკვე ვემზადებით მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და სწორედ ეს არის ის გზა, რომელიც არსებითად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო განსხვავება, ამაზე ვკამათობთ პარტიაში და არა ვინმეს მხარეს თითის გაშვერაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“აქტივმა ძალიან დიდი ბრძოლის და ძალისხმევის ფასად იმუშავა არჩევნებზე და ისინი ნამდვილად ძალიან დიდ დაფასებას და მადლობას იმსახურებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები არასამართლიანია და ქართველი ხალხის ნებას რეალობაში არ ასახავს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ქვეყნისა და ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებშია სწორედ საპარლამენტო გზით წასვლა, ბრძოლა. რაც მთავარია, უკვე მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება და ამ გზით დავაგროვებთ ამომრჩევლის ისეთ კრიტიკულ რაოდენობას, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ბინძური მეთოდები ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს“, - განაცხადა ხოშტარიამ.