მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება, ვინმემ სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიცილოს

მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება, ვინმემ სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიცილოს

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ბერ ფილიპე ფხაკაძეს, მღვდელმონოზონ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილსა და გიორგი მეგრელიშვილს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვთ და მათი საქციელი უკვე საერო სასამართლომ უნდა განსაჯოს.

სასულიერო პირების დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოძღვრობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება, ვინმემ სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიცილოს.

"როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დააკავეს ორი პიროვნება:  ბერი ფილიპე  ფხაკაძე და გიორგი მეგრელიშვილი.

მღვდელმოქმედება აკრძალულმა მღვდელმონოზონმა, ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილმა კი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ მეზობელს და პრობლემები შეუქმნა სხვა მცხოვრებთაც.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს კითხვით მომართეს მოქალაქეებმა და გვთხოვენ, დავაფიქსიროთ პოზიცია ამ და მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს სასულიერო პირობა ადამიანს კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

შევნიშნავთ, რომ სამივე მათგანს საეკლესიო სასჯელი უკვე დადებული აქვს, რაც შეეხება მათ ამჟამინდელ ქმედებებს, ეს სისხლის სამართლის საქმეებია და საერო სამართლით უნდა განისაჯოს.

ჩვენ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მოძღვრობა ამა თუ იმ პიროვნებას გაცილებით მეტ სულიერ-ზნეობრივ ვალდებულებას აკისრებს; ეს მდგომარეობა არ არის იმუნიტეტი, რომლითაც შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვინმემ აიცილოს. ნებისმიერი მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირი, ვალდებულია, დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული კანონი და მისი დარღვევის შემთხვევაში აგოს პასუხი", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.