ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა, საით უნდა წაიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა

ზურაბ ჯაფარიძე - ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა, საით უნდა წაიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა

ვინ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეს არსებითად ვერ შეცვლის და ვერ გახდის ეკონომიკურ პოლიტიკას უფრო გასაგებს, ვიდრე არის დღეს, - ამის შესახებ ”გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა ”360 გრადუსში” მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. 

”მე არ მგონია, რომ პრობლემა კონკრეტულ ადამიანებშია. ჩემი აზრით, პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ხედვა, ზოგადად, საით უნდა წაიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა, არ გააჩნია ხედვა, რა რეფორმებია გასატარებელი იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს სწრაფად, სწრაფად შეიქმნას სამუშაო ადგილები, სწრაფად შემოვიდეს ინვესტიციები, რომ საბოლოო ჯამში ეს ქვეყანა დაადგეს წრაფი განვითარების ტემპს”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლების წევრები საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ მთავრობის ხარჯები არის შესამცირებელი, ამდენი სამინისტრო არ გვჭირდება, უნდა შემცირდეს, თუმცა ამ მიმართულებებით სათანადო ნაბიჯები არ იდგმება. 

ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა სამინისტროების გაუქმებასა და გაერთიანებაზე. მისი თქმით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება არის სწორი ნაბიჯი, თუმცა არასაკმარისი. ”ეს ნაბიჯი არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, თუმცა, არათუ არასაკმარისი, ახლოსაც არ არის იმასთან, რაც არის გასაკეთებელი”, - განაცხადა ჯაფარიძემ. 

”გირჩის” ლიდერი სხვა სამინისტროების გაუქმების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, სამინისტროების შემცირება არის სწორი მიმართულება, მაგრამ გაცილებით რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, არა მხოლოდ დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატია გასაუქმებელი, გასაუქმებელია სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროპულ და ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში. 
”ბევრი ეკონომიკური ხასიათის სამინისტრო გვაქვს, რომლებიც ცალკე რატომ გვაქვს გამოტანილი, გაუგებარია. გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, გვაქვს ფინანსთა სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რატომ არის ხუთივე ცალ-ცალკე, ამას ვერავინ ახსნის”, - განაცხადა ჯაფარიძემ.