50 წლის თამარ გვერდწითელს კიდევ ერთხელ ეწვია სიყვარული. როგორც რუსულ პრესაში წერენ, მისი რჩეული 53 წლის მამაკაცია, რომელიც მის სახლში რემონტს აკეთებდა და მერე იქვე დარჩა საცხოვრებლად.
უკვე ორი წელია ქართველი მომღერალი მარტო ცხოვრობდა მოსკოვში თავის ელიტურ ბინაში. თუმცა ბოლო დროს პაპარაცებმა ვარსკვლავი კავკასიური გარეგნობის მამაკაცთან ერთად შენიშნეს და დაიწყეს გარკვევა, ვინ იყო ეს იდუმალი უცნობი.
გვერდწითელი მესამე ქმარს, რუს ექიმ სერგეის ეჭვიანობის ნიადაგზე დაშორდა - როგორც კულუარებში ამბობენ, იგი პათოლოგიურად ეჭვიანი იყო და გაფიცხებისას შეეძლო ხელითაც შეხებოდა ცოლს. თამარმა დიდხანს ვერ გაუძლო და გაშორდა.
ორი წლის წინ ვარსკვლავმა თავისი ბინის რემონტი წამოიწყო და ერთ-ერთ სამშენებლო ფირმას მიმართა დახმარებისთვის. ფირმის მფლობელი და შეთავსებით უფროსი მუშა აღმოჩნდა სიმპათიური მამაკაცი ვინმე ნოდარი. თუმცა ზოგიერთი წყარო მას ნოვრუზ მამედოვადაც მოიხსენიებს. უფრო სავარაუდოა, ის სწორედ ქართველი იყოს.
მისმა იუმორის გრძნობამ, ცხოვრებისადმი იოლმა დამოკიდებულებამ მარტოხელა ქალი იოლად მოხიბლა. ისე მოხდა, რომ კაცმა რემონტი დაასრულა, თუმცა მერეც მოუხშირა იქ სიარულს, ბოლოს კი სულაც დარჩა. თუმცა მომღერალი ამ ფაქტს დიდხანს მალავდა და ახლაც საიდუმლოდ ინახავს, თუმცა, მეზობლების თქმით, ეს ურთიერთობა უკვე ორი წელია გრძელდება და ამდენივე ხანია წყვილი ერთად ცხოვრობს. "თამარა მიხაილოვნას მამაკაცი იშვიათად გამოდის სასეირნოდ. ხანდახან საღამოობით სამნი სეირნობენ - გვერდწითელი ნოდარი და თამარის დედა", - ჰყვება გვერდწითელის მეზობელი.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ამბის გასაგებად პირდაპირ სახლში დარეკა. მას თვითონ ნოდარმა უპასუხა: "თამარა ახლა აბაზანაშია, ბანაობს. სამი საათის შემდეგ დარეკეთ". როცა ჩაეძივნენ, ვინ ხარო, კაცმა თქვა, პირადი მცველი ვარო და უარი განაცხადა საკუთარი თავის წარდგენაზე.
ჟურნალისტებმა ისიც გამოარკვიეს, რომ ნოდარი თბილისში ცხოვრობდა, საკონცერტო ბიზნესით იყო დაკავებული - მომღერლები ჩაჰყავდა. თუმცა რამდენიმე წლის წინ საქმე დახურა და მოსკოვში გადაბარგდა.