მეორეს მხრივ შეიძლება მართალნიც ვიყოთ, რადგან ხომ არსებობენ კომპოზიტორები, რომელთა ფუნქციაა შექმნან, ხოლო სხვებმა კი გადაამღერონ უკეთ, თუკი მოახერხებენ ამას, რაღა თქმა უნდა...
ფაქტია, რომ ბობ დილანის შემოქმედებაზე გაიზარდა თანამედროვე როკ–მუსიკოსთა სამი თაობა. მის სიმღერებს ასრულებდნენ ერთიმეორისაგან ისეთი განსხვავებული არტისტები, როგორიცაა ელვის პრესლი, მარლენ დიტრიხი, ერიკ კლაპტონი, სტივი უონდერი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯონი ვინტერი და კიდევ უამრავი სხვა და სხვა. უფრო ძნელია მოძებნო მუსიკოსი, ვისაც თუნდაც სარეპეტიციოში არ დაუკრავს Blowin In The Wind, თუ Like A Rolling Stone. აქედან გამომდინარე ვინ იცის, ბობ დილანი შესაძლოა The Beatles–თან ერთად, მე–20 საუკუნის უმთავრესი დონორ კომპოზიტორია.
დილანის შემოქმედების მიმდევართა ძიებაზე არანაკლებ საინტერესოა მისი ოჯახის ისტორიაც, რომელიც წარმოშობით ოდესიდანაა და რომ არა მეფის რუსეთის იმპერიაში მე–20 საუკუნის დასაწყისში განხორციელებული ებრაელთა დევნა, ვინ იცის მომავალში ბობ დილანისაგან ბულატ ოკუჯავას ყაიდის საბჭოთა აკუსტიკურ გიტარ ბარდი აღმოცენებულიყო...
რობერტ ალენ ციმერმანი 1941 წლის 24 მაისს დაიბადა. იგი ბავშვობიდანვე გაიტაცა ამერიკის ფესვების მუსიკამ – ბლიუზმა და მომავალში ქანთრიმ, რამაც პირდაპირი ასახვა ჰპოვა უკვე ბობ დილანად ქცეულ მუსიკოსში. ფსევდონიმს, რომელიც აგერ უკვე ხუთი ათწლეულის მანძილზე მის სახელთან და გვართან იქნება გაიგივებული, იგი ბიტნიკების პერიოდის ცნობილ ამერიკელ მწერალ – დილან ტომასს დაესესხა, რეპერტუარს კი თავდაპირველად სულიერ მამა ვუდი გატრის, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ, ისიც ფსიქიატრიულ კლინიკაში შეხვდა...
მალე დილანი სიმღერების წერას თავად შეუდგა და 1964 წელს Blowin In The Wind –ით მუსიკალურ სამყაროს აუწყა, რომ Beatles–ის გარდა, შეიძლება მსოფლიოში სხვებიც არსებობდნენ. მაგრამ ნამდვილი გადატრიალება ბობ დილანის მომდევნო ჰიტმა Like A Rolling Stone მოახდინა, რომელმაც „მგორავ ქვაზე ხავსის არმოკიდების“ პრინციპიდან გამომდინარე, ათწლეულებს გაუძლო და დღესაც ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ მიერ ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერის სათავეშია მოქცეული. გარდა ამისა, Like A Rolling Stone–მა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ სინგლი ყველაზე მეტი, 3 წუთს უნდა გრძელდებოდეს და 6 წუთიანი ქრონომეტრაჟით, საფუძველი ჩაუყარა როკ მუსიკის მასობრივად გააზრებულ სმენას, რაც სულაც არ მოითხოვდა მსმენელისგან LSD–ით წინასწარ შემზადებას. ბოროტი ხმები აცხადებდნენ, რომ LSD–ს მუსიკოსი თავად მოიხმარდა. აბა რას შეიძლება მიეწეროს Mr. Tambourine Man–ისა და კიდევ სხვათა საკმაოდ დამაბნეველი და ხშირად ორაზროვანი და გაურკვეველი ტექსტები?
ფაქტია, რომ დილანმა 60–იანი წლების შუახანს საკმაოდ მცირე პერიოდი მოანდომა აკუსტიკური მუსიკიდან უკვე ელექტრო ჟღერადობაზე გადასვლას, რამაც მისი თავდაპირველი მსმენელების გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად ნიუ პორტის ფესტივალზე იგი გამაყრუებელი სტვენით „დააჯილდოვეს“. მრავალი მუსიკოსისგან განსხვავებით, დილანი ხშირად არად აგდებდა პერიოდის კომერციულ მოთხოვნებს, მოდას თავად განაგებდა და ასე, თუ ისე განაწყენებულ მსმენელს მაინც იბრუნებდა. მას შეეძლო გამოეტოვებინა ეპოქის ამსახველი უმნიშვნელოვანესი ფესტივალები და მაინც დარჩენილიყო ყურადღების ცენტრში.
მაგრამ Birds-თან ერთად ქანთრი როკისკენ გადახრის პერიოდში მას ავტოავარია შეემთხვა, რამაც მოწყვიტა კიდეც მუსიკოსი ხანგრძლივ საგასტროლო ტურს და გარკვეული პერიოდის მანძილზე შემოქმედებით კრიზისში ამყოფა.
ბობ დილანისთვის შემობრუნების მომენტი არა შემოქმედებითი, არამედ სულიერი თვალსაზრისით, ჯორჯ ჰარისონის მიერ მოწყობილი ცნობილი The Bangladesh Concert იქცა, სადაც დილანი გამოუცდელი თვალისთვისაც კი შესამჩნევად, წამყვან როლს ასრულებს და მისი უნახავობით დახარბებული მსმენელიც საოცარ ლტოლვას ამჟღავნებს მუსიკოსის მიმართ...
რა იყო მერე. რა და ალბომი Blood On The Tracks, რომელმაც ცხადყო, რომ დილანი 70–იანებშიც პირველხარისხოვანი მუსიკოსი იქნებოდა და რომ მსმენელს წინ აუცილებლად საინტერესო საკონცერტო ალბომები ელოდა. ასეთია 1976 წლის Hard Rain და 1978 წლის Live At Budocan. ალბომებმა გააერთიანა 2 ათწლეულის შედევრები და ზოგიერთი მათგანი იმდენად განსხვავებულად წარმოსახა, რომ სიმღერათა უაღრესად ფართო იმპროვიზაციული შესაძლებლობები, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მუსიკოსებზე, ბობ დილანშივე გამოააშკარავა.
ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Hard Rain მძიმე, ფსიქოდელიური და შედარებით ძნელი მოსასმენია, Live At Budocan კი ნათელ ფერებშია წარმოდგენილი და აქ ცხრა წლის ბიჭუნაც კი უკრავს ვიოლინოზე. უცნაურია გიტარ სოლოების სიმრავლეც, რაც თითქოს 70–ების ბოლოს კომერციულ ნაბიჯად არ უნდა ჩათვლილიყო; მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ უკვე 1979 წლის შესანიშნავ ალბომ Slow Train Coming-ში, ბობ დილანმა იმდროინდელი აღმოჩენა – Dire Starits-ის სულისჩამდგმელი – მარკ ნოფლერი მიიწვია.
80–იანებმა მდორედ და ალბათ, მაინც წარმატებით განვლო ბობ დილანისთვის, რადგან კომპოზიციური სიწრფელე მას არ დაუკარგავს, არც მისდა სასახელოდ დისკო, თუ ფანკი მიმართულება აუღია. 1987 წელს საშველად ბობ დილანს ისევ როკ’ნ’როლი მოევლინა. Travelling Willburys ხომ ერთგვარ თავშესაფრად იქცა დილანთან ერთად როი ორბისონისთვის, ჯორჯ ჰარისონისთვის, ჯეფ ლინისა და ტომ პეტისთვის... ამავე პერიოდში გამოდის ბობ დილანი Grateful Dead–თან ერთად, ხოლო საბოლოოდ კი აცხადებს მარადიული ტურის შესახებ, რომელიც თავდაპირველად წელიწადში 200 კონცერტს მოიაზრებდა... მართალია წლების განმავლობაში კონცერტების ინტენსივობამ იკლო, მაგრამ დილანი მაინც ჩვეული უკომპრომისობით განაგრძობს მუშაობას და სასცენო აქტივობას ბოლო ხანს შესაშური ენერგიით სტუდიურ ალბომებსაც უთავსებს. 2009 წლის ორ დისკიანი ალბომი Together Through Life, 1970 წლის New Morning-ის შემდეგ, პირველად ჩაუდგა სათავეში როგორც ამერიკულ, ასევე ბრიტანულ ჩარტებს. ერთის გამოკლებით, სიმღერები ბობ დილანმა The Grateful Dead–ის ლირიკოს – რობერტ ჰანტერთან დუეტში შექმნა.
დილანის 90–იანი წლების შემოქმედებიდან კი აღსანიშნავია ათწლიანი სტუდიური პაუზის შემდეგ 1997 წელს გამოქვეყნებული ალბომი Time Out Of Mind. რა განასხვავებს ამ ალბომს წინამორბედთაგან? უპირველეს ყოვლისა ბობ დილანის „ახალი“, ასაკიდან გამომდინარე საგრძნობლად დამჯდარი ხმა, რომელიც გარკვეულ ეფექტს ჰქმნის. შემდეგ კი მყუდროობისა და კომფორტის შეგრძნება, რაც მეორეს მხრივ საბოლოოდ აცილებს მას ადრინდელი მეამბოხის სულისკვეთებას, ყვავილებიან „საროჩკაში“ გამოწყობილს 1985 წელს, როგორც პოეტს, თბილისში სტუმრობისასაც მაინცდამაინც რომ არ დასტყობია...
აი ამ თვალსაზრისით კი პოეტმა და ტრუბადურმა დრო უკვე მოჭამა. სადღაა მის შემოქმედებაში Hurricane-ს დატვირთვის სიმღერები, რომელთაც სასამართლო პროცესის გადაწყვეტილებაზეც კი შეეძლოთ გავლენის მოხდენა...
სამაგიეროდ წლების განმავლობაში მატულობს გრემი, ოსკარი, თუ ბობ დილანის შესახებ გადაღებული ფილმების რაოდენობა. მუსიკოსი და პოეტი ასევე არაერთხელ წარუდგენიათ ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში. ალბათ ეს ყველაფერი საჭიროა. ბობ დილანმა და მისმა არაერთმა თანამედროვე მუსიკოსმა სიბერეში განსაკუთრებული პატივი ნამდვილად დაიმსახურა. ხოლო დილანის შემოქმედების არმცოდნე ადამიანს კი ვურჩევდით, რომ მარტინ სკორსეზეს ფილმით The Last Waltz-ით დაეწყო, რადგან 70–ების ეპოქის სულისკვეთების Woodstock-ეული აღსასრულის გამოძახილი, შეიძლება სწორედ ამ ფილმში ჰპოვოს.