პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ გახსნას დაესწრო. კვირეული ყოველწლიურად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება. წელს ის საქართველოში აშშ-ს საელჩოს, USAID - ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ და მეწარმეთა ასოციაციის ხელშეწყობით იმართება.
კვირეული გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, აგრეთვე ქართული სტარტაპები, სხვა კერძო კომპანიებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაცნობოდნენ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს.
სტარტაპებს შორის იყვნენ საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, რომლებმაც თავიანთი პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს. გარდა ამისა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მეწარმეობის ხელშეწყობის მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები.