მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

გიდასტურებთ, ნამდვილად იყო შემოთავაზება, იყო თხოვნა გუნდიდან, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო უარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი ვთქვი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პარტია გაახმოვანებს იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს აღნიშნულ კომიტეტს.

„ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას. გუნდის წევრი ვარ ისევე, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ვემზადებით პირველი სხდომისთვის. არაფერი არ იცვლება ჩემს ურთიერთობებში პარტიასთან, გუნდთან მიმართებაში. რაც შეეხება ამ შემოთავაზებას, ნამდვილად უარი მაქვს ნათქვამი. დარწმუნებული ვარ, ვინც იქნება თავმჯდომარე, ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს, “, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

მანანა კობახიძემ კითხვაზე, ხომ არ მოიაზრება თუ არა მისი კანდიდატურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე, მითუფრო, რომ უმრავლესობის კვოტით გათვალისწინებულ, ვიცე-სპიკერის ერთ-ერთ თანამდებობაზე კანდიდატურა შერჩეული ჯერ კიდევ არაა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რიგით დეპუტატად დარჩება.

„მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელო საქმიანობა პარლამენტში როგორც დეპუტატმა და განვახორციელო სადეპუტატო უფლებამოსილება. ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კონკრეტული თანამდებობა იმისთვის, რომ შენი მანდატი განახორციელო. თანამდებობისთვის არ გვიბრძოლია და ამ შემთხვევაში არ არის მთავარი თანამდებობა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მანდატი მივიღეთ ხალხისგან“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, უმრავლესობამ საკუთარი კვოტოთ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკის და ზვიად ძიძიგურის კანდიდატურები დაასახელა. ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ თანამდებობაზე კი კანდიდატურა შერჩეული არაა. ცნობისთვის, ვიცე-სპიკერის ერთი პოსტი ვაკანტური იყო მე-8 მოწვევის პარლამენტშიც. რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურის წარდგენა მოხდება.