მანანა კობახიძე არ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი აქვს

მანანა კობახიძე არ ადასტურებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი აქვს

ვრჩები პარლამენტში და გუნდთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ვაგრძელებ მუშაობას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც არაოფიციალურ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მმართველ გუნდს პარლამენტის კვოტით მისი კანდიდატურის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად წარდგენა შესთავაზა.

კობახიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა ნებისმიერი იურისტისთვის საინტერესო პოზიციაა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები არ ყოფილა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია. რა თქმა უნდა, იურისტისთვის მოსამართლეობა და მითუმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობა ნამდვილად ძალიან მაღალი, საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიციაა, მაგრამ ამ ეტაპზე გუნდის შიგნით განხილვა არ ყოფილა, არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მე-9 წევრის ადგილი ვაკანტურია. აღნიშნულ ადგილზე კანდიდატი პარლამენტის მიერ უნდა შეირჩეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მანანა კობახიძემ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენა შესთავაზა.