არ მგონია, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება - ეს მისი ბოლო, განწირულის ნაბიჯია

არ მგონია, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება - ეს მისი ბოლო, განწირულის ნაბიჯია

არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს, გინდ უკრაინაში და გინდ საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

ძაბირაძე გამოეხმაურა ოდესის ყოფილი გუბენატორის, მიხეილ სააკაშვილის პოსტიდან გადადგომას და უკრაინის ოპოზიციაში გადასვლას.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა და „იბრძვის როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, თუმცა „ორ ფრონტზე ბრძოლა ძალიან ძნელია“.

„მე არ მგონია, რომ სააკაშვილს დიდი პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს გინდ უკრაინაში, გინდ საქართველოში. დაველოდოთ პროცესს, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარდება. სააკაშვილმა ბრძანა, რომ თუკი საქართველოს გადმოსცემენ, ერთ კვირაში გათავისუფლდება. მეეჭვება, რომ ერთ კვირაში გამოვიდეს ციხიდან - უმჯობესია, გაიხსენოს საქართველოს ისტორია, 600 000 კაცი რომ უჭერს მხარს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და ისიც გასარკვევია, ეს 600 000 კაცი მხარს მას უჭერს თუ არა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ალბათ, სააკაშვილი დარჩება იმ ჯგუფის ლიდერად, რომელიც მუდმივად რევოლუციისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ თუ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ისევ ქუჩიდან უნდა მოვიდეს, რადგან სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობაში ვერ მოვა.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვფიქრობ, ის არ დაანებებს ამ პარტიას თავს. შესაძლოა, თავმჯდომარის პოსტზე აღარ იყოს, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს ლიდერის, ჭკუის დამრიგებლის როლს, ანუ მოსახლეობის თვალში აუცილებლად იქნება ფიგურანტი. ყოველ შემთხვევაში, ამას შეეცდება. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა ძალიან რთული ქვეყანაა, არ მგონია, სააკაშვილმა შეძლოს უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში დამკვიდრება. ვფიქრობ, ეს მისი ბოლო, განწირულის ნაბიჯია. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდი წარმატებები მას აღარ ექნება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.