მე-9 მოწვევის პარლამენტში ვინ რა თანამდებობაზე, ვინ რომელ კომიტეტს უხელმძღვანელებს, ძალიან მალე გახდება ცნობილი. შემიძლია გითხრათ, რომ “ქართულ ოცნებაში“ არანაირ განხეთქილებას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა შოთა ხაბარელმა განუცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია.
როგორც ხაბარელმა განაცხადა, მედიაში ვრცელდება სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები. მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაციების დროს ლერი ხაბელოვი მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე განაწყენებული დარჩა, არასწორია.
„მე-9 მოწვევის პარლამენტში ვინ რომელ კომიტეტს უხელმძღვანელებს, ძალიან მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ “ქართულ ოცნებაში“ არის დაპირისპირება, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას “ქართულ ოცნებაში“ ადგილი არ ჰქონია. მანანა კობახიძეზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სურს ქვეყანაში სიმშვიდე და ის იყო საუკეთესო პირველი ვიცე-სპიკერი 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ “ქართულ ოცნებაში“ არანაირი განხეთქილება არ ყოფილა ამ კანდიდატურასთან დაკავშირებითაც. ინფორმაცია, მათ შორის ბატონ ლერი ხაბელოვთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელდება, ნამდვილად არ არის სიმართლე. ის არ არის არც გაბრაზებული და არც ნაწყენი. ბატონი ლერი ხაბელოვი არის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი და მე დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.