თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის რამდენიმე რეგიონში თურქულ გაზეთთან ერთად აფხაზეთის შესახებ დანართის დარიგებას ქართული დიასპორის მხრიდან შესაძლოა საპროტესტო აქციები მოჰყვეს. როგორც კოპლატაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ფაქტით შეწუხებულია თურქეთის საგარეო უწყება. მისი თქმით, ცხადია, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით მაღალტირაჟიან კერძო გაზეთ ”საბასთან” ერთად რამდენიმე რეგიონში უფასოდ დარიგდა აფხაზეთის შესახებ დანართი.
”დანართი გაცილებით უფრო ფართო ფორმატის იყო თავისი შინაარსიდან გამომდინარე ვიდრე მხოლოდ კულტურულ-საგანმანათლებლო. ანუ პოლიტიკური მომენტებიც იყო ხაზგასმული ამ ნომერში. ცხადია, დაკვეთა იქნებოდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებიდან და ჩართული იყო ის გარკვეული წრეები, რომლებსაც ეთნიკური წარმოშობა აქვთ აფხაზური”, - განაცხადა კოპლატაძემ.
მისივე ინფორმაციით, საელჩოს ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდა შესაბამისი რეაგირება.
”თურქული გაზეთი ”საბა” არის ყოველკვირეული, მაღალტირაჟიანი კერძო გაზეთი. ”საბას” დამატების სახით გამოვიდა აფხაზეთის შესახებ დანართი და დარიგდა იმ რეგიონებში, იმ რაიონებში, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კომპაქტურად არის დასახლებული ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა. ეს არის კოჯაელი, იზმირი, დუსჯე, საქარია და ა.შ. ეს დანართი უფასოდ დარიგდა ”საბასთან” ერთად ანუ ვინც ”საბას” იყიდიდა, სურვილის შემთხვევაში, უფასოდ გადაეცემოდა აღნიშნული დამატება. ამასთან დაკავშირებით, საელჩოს გვქონდა შესაბამისი რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში. უნდა აღინიშნოს, რომ თავად თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეწუხებულია ამ ფაქტით, რადგან ეს ეწინააღმდეგება ოფიციალური ანკარის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში. ისინი იკვლევენ ამ საკითხს. ანკარასთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ დიასპორას. მათ გამოხატეს პროტესტი ამ ფაქტთან მიმართებაში. სწორედ იმ რაიონებში, რომელიც ჩამოვთვალე, ეთნიკურად აფხაზ დიასპორასთან ერთად ცხოვრობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. მათ როგორც წერილობითი ფორმით გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ასევე დაგეგმილია საპროტესტო აქციები ამ გაზეთის რედაქციის მიმართ”, - განაცხადა კოპლატაძემ.