ზურაბ ჭიაბერაშვილი - კვირიკაშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს, მოქალაქეების დაცინვაა

ზურაბ ჭიაბერაშვილი - კვირიკაშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს, მოქალაქეების დაცინვაა

კვირიკაშვილის განცხადება, რომ ლარის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე დადებითი პროცესები იწვევს, მოქალაქეების დაცინვაა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს რომ ტყუილია, ჩანს 19 ოქტომბერს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან. 

„ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, როგორ გავღარიბდით. ექსპორტიც და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა. 2011 წლის 9 თვეში ექსპორტი 1.550 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში 1.512 მლრდ დოლარია. 2011 წლის 9 თვეში იმპორტი 4.999 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის 9 თვეში (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 5.194 მლნ დოლარია. იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით - გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს. ეს ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. 2012 წლიდან შემცირდა ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა, ექსპორტის ზრდა და შესაბამისად, დოლარის შემოდინება. იმავდროულად, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და აგრძელებს იმავეს კეთებას, რის მავნებლურ შედეგებზე უკვე წლებია ვაფრთხილებთ - ესაა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და შიდა სესხის აღება. ანუ ასეთ კრიტიკულ და კრიზისულ სიტუაციაშიც კი აგრძელებენ იმას, რამაც ლარი ასე დაასუსტა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა, შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი, არ აიღოს შიდა ვალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება. 

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ. ”მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული, მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.