ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გენერალ რუმენ რადევმა გაიმარჯვა, რომელიც კენჭს იყრიდა სოციალისტების პარტიის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუმენ რადევი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდიოდა, - იუწყება სააგენტო „მედუზა“.
ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ რადევმა ამომრჩეველთა ხმების 59,35% მიიღო. მისმა მოწინააღმდეგემ, მმართველი ცენტრისტური პარტიის კანდიდატმა ცეცკა ცაჩევმაკმა ამომრჩეველთა ხმების 36,17% მიიღო. ეს შედეგები ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
რადევის გამარჯვებასთან დაკავშირებით ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
გენერალი რუმენ რადევი, ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოვებას. მან არაერთხელ განაცხადა, რომ ბულგარეთის წევრობა ევროკავშირში და ნატო-ში „არ ნიშნავს, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს“.