გელა დუმბაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან დაკავშირებული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას გამოვრიცხავ

გელა დუმბაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან დაკავშირებული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას გამოვრიცხავ

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე აცხადებს, რომ მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება, თუმცა ის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას არ აპირებს. როგორც დუმბაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, იგი სავარაუდოდ, დიპლომატიას დაუბრუნდება. 

”არ გამოვრიცხავ იმ სფეროში დაბრუნებას სადაც გავატარე 16 წელი. ვარ პროფესიონალი დიპლომატი. ვმსახურობდი 4 სხვადასხვა ქვეყანაში - აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და უზბეკეთი. მე გამოვრიცხავ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას. მე ვარ სახელმწიფო მინისტრი, არსებობს ყველანაირი ხედვები. მე მაქვს ჩემი სტატუსი და მე გავაგრძელებ საქმიანობას ამ სტატუსის მიხედვით, როგორიც არის ლოგიკური და ბმადი დღევანდელ პოზიციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დუმბაძემ. 

რაც შეეხება მის შეფასებას, უნდა გაუქმდეს თუ არა სახელმწიფო მინისტრის აპარატი, დუმბაძის თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სამინისტროს საქმიანობის შეფასებაა. 

”ჩვენი სამინისტროს მიერ შეიქმნა ახალი ფორუმები. სამინისტრო გახდა საერთაშორისო დიასპორული ალიანსის ერთადერთი წევრი. ეს არის ჰილარი კლინტონის მიერ დაარსებული უმაღლესი დიასპორული ლიგა და ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენი მცდელობის შედეგად, უწყებრივ დონეზე წამოიწია წინ იმ საკითხებმა რაც დიასპორის წინაშე არის აქტუალური. ერთ-ერთი მათგანი, უცხოეთიდან გადმოსვენების საკითხი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. ესეც ჩვენი მეცადინეობით და თანამონაწილეობით მოხდა. გარდა ამისა, ლევილის მამული დაუბრუნდა საქართველოს. ამაზე მუშაობა 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩვენს კოლეგებთან ერთად ბოლომდე მივიყვანეთ ეს საკითხი. არსებობს ისეთი მიდგომა როგორიც არის ქვეყნის უმაღლესი ინტერესები, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და ამ თვალსაზრისით შესაძლოა პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი ხედვები და მონახაზები. თუ რამე განხორციელდება, შერწყმა იქნება თუ სხვა სახის ტრანსფორმაცია, ეს იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არსებობს დიასპორის სახელმწიფო აპარატის სახით გუნდი, რომელიც სადაც არ უნდა იყოს, გააგრძელებს ეფექტურად თავის სამუშაოს”, - განაცხადა გელა დუმბაძემ.