ბრიუსელსა და ანკარას შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩაატაროს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „დოიჩევე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანი გამოცემა „Hürriyet“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
თურქეთის ლიდერი ევროპას კვლავაც იმაში ადანაშაულებს, რომ მის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ხელს უშლიან. „ევროპული კავშირი ცდილობს გვიბიძგოს იქითკენ, რომ ჩვენ ამ პროცესიდან გამოვიდეთ. თუკი მათ არ ვუნდივართ, ამის შესახებ მათ მკაფიოდ უნდა განაცხადონ და გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა ერდოღანმა და მიუთითა, რომ ანკარას მოთმინება უსაზღვრო არ არის.
საჭიროების შემთხვევაში, ერდოღანის თქმით, თურქეთს შეუძლია, ჩაატაროს რეფერენდუმი ისევე, როგორც ეს ივნისში დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ გაუარესდა. ბრიუსელი თურქეთის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი უკიდურესად ხისტად ექცევიან ოპოზიციას. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო, თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდეს.