ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი არ გამორიცხავს, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების გამო, თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდეს. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ წერს.
„ჩვენ ევროკავშირში აუცილებლად უნდა მოვიფიქროთ, რა ეკონომიკური ზომების მიღება შეგვიძლია. საბაჟო კავშირი, რომლის წევრიც თურქეთია, წლის ბოლომდე უნდა იყოს რეფორმირებული. ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ჟურნალისტების დაკავებათა ტალღის შემდეგ გავაფართოებთ საბაჟო კავშირს“, - განაცხადა შულცმა.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, გამოსავალი არ არის, რადგან ამით ევროკავშირმა, შესაძლოა, დაკარგოს ბერკეტი თურქეთში დაპატიმრებულთა დასახმარებლად გავლენის მოხდენაზე.
შულცის თქმით, წითელი ხაზი იქნება თურქეთის მიერ სიკვდილით დასჯის შემოღებაც. „თუკი თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, მისი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეწყდება“, - განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.