ვაკეში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა

ვაკეში მომხდარი ავტოავარიის შედეგად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა

ვაკეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის 4 წევრია დაშავებული. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს. 

ავარია ვაკეში, ბარნოვისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანისა და ”რეინჯ როვერის” მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად, სასწრაფო ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, ”რეინჯ როვერის” მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა, თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, მძღოლი იდენტიფიცირებულია და ამჟამად ყველა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევისას სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა, თუმცა, ის გამოძახებაზე მიდიოდა, რა დროსაც ავარია მოხდა. დაშავებულებიდან ერთი სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი, ორი ექიმი და ერთი სტაჟიორია. მათი მსუბუქი დაზიანებები აქთ მიღებული. სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, დანარჩენი სამი კი მკურნალობას სახლის პირობებში განაგრძობს. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.