მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. 
ქვეყნის მასშტაბით 2 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, კიდევ 100 უბანი საზღვარგარეთ მყოფ მოლდოველ ამომრჩეველს ემსახურება. ხმის მიცემის პროცესს 2,5 ათასი ადგილობრივი და 500 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. 
ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატი იგორ დოდონი და მემარჯვენეების ერთიანი კანდიდატი, მაია სანდუ იბრძვიან. პირველ ტურში დოდონმა ამომრჩეველთა ხმების საერთო რაოდენობის 47,98% მიიღო, სანდუმ- 38,71%. 
პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები მოლდოვაში უკანასკნელად 1996 წელს ჩატარდა. 2000 წლის შემდეგ ქვეყნის პირველ პირს პარლამენტი ირჩევდა, თუმცა, მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ საყოველთაო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები დააბრუნა.