აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთი მეტწილად აგრესიულად იქცევა ევროპაში, როგორც ეს იყო უკრაინასა და საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი - რუსეთი მეტწილად აგრესიულად იქცევა ევროპაში, როგორც ეს იყო უკრაინასა და საქართველოში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის შეფასებით, რუსეთი ევროპაში აგრესიულად იქცევა, როგორც ამას უკრაინასა და საქართველოში აკეთებდა. აღნიშნული განცხადება კარტერმა ტელეკომპანია CBS-ვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 
„რუსეთი მეტწილად, აგრესიულად იქცევა ევროპაში, როგორც ეს იყო უკრაინასა და საქართველოში. ამიტომ, ჩვენ მტკიცე პოზიცია უნდა გვეკავოს ევროპაში შესაძლო რუსული აგრესიის საკითხზე“, - განაცხადა ეშტონ კარტერმა. 
ინტერვიუში მან ასევე, აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მოსაზრება გამოთქვა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა უნდა გააგრძელოს. 
„დაასრულეთ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების პროცესი ერაყსა და სირიაში. გააგრძელეთ მათთან ბრძოლა ყველგან, სადაც გამოჩნდნენ, მაგალითად ლიბიაში და ავღანეთში და პირველ რიგში, დაიცავით ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ხალხი, რაც არამხოლოდ სამხედრო ამოცანააა, არამედ მოიცავს სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას, ასევე შიდა უსაფრთხოებას“, - განაცხადა ეშტონ კარტერმა. 

მისი მოსაზრებით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამ ეტაპზე რუსეთთან თანამშრომლობა არ უნდა დაიწყოს, მათ შორის სირიის ფაქტორის გამო. კარტერის თქმით, რუსეთის დახმარება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადისთვის, კიდევ უფრო ამწვავებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს.
„არ ვურჩევ პრეზიდენტს, შევუერთდეთ რუსებს ან ვითანამშრომლოთ მათთან იქამდე, სანამ სწორად არ იმოქმედებენ“, - განაცხადა ეშტონ კარტერმა.