"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი გაიმართა

"თიბისი გალერეამ" მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩი" მონაწილეთა პროექტების გამოფენას და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიას პარასკევს უმასპინძლა.

საკონკურსო გამოფენაზე, კონკურსში შერჩეული კონკურსანტები, საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგნენ ხანმოკლე პრეზენტაციით თავიანთი გამოგონების შესახებ. საკონკურსო კომისიამ გამოფენაზე გამოავლინა გამარჯვებულები და სპეციალური პრიზების მფლობელები.

კერძოდ, გამოვლინდა ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდა 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. 2016 წელს კონკურსში წარდგენილი 42 საკონკურსო განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 26 საკონკურსო განაცხადი 60 მოსწავლეს მონაწილეობით და გაიმარჯვა ოთხმა პროექტმა:

გრანპრი - მზის ელემენტების მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია - გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-GESS, XII კლასი); I ადგილი - ახალი თაობის "ცოცხალი" საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით - გიორგი ფხაკაძე (ქართულ -ამერიკული სკოლა პროგრესი (ქუთაისი)-XII კლასი) და მარია ერაძე (ნიკო ნიკოლაძეს სკოლა ლიცეუმი, XI კლასი); II ადგილი - გვირილა-მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია -ბექა მიქაძე (სერვანტესის სახელობის გიმნაზია-GESS,XII კლასი) და გიორგი მარგიანი (ახალი ლიცეუმი, XII კლასი); III ადგილი - მიკრო კონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა: ალექსანდრე ხოხიაშვილი(კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა,XI კლასი), დიმიტრი კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, X კლასი) და თამარ კორკოტაშვილი (კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯაროსკოლა, IXკლასი).

კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და ჯილდოები გადასცეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა.

გამარჯვებული პროექტის ავტორები Intel-ის ფონდის დაფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ პიტსბურგში გამგზავრებიან (აშშ) მსოფლიოში უდიდესი კონკურსის Intel-ის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენაში - Intel ISEF მონაწილეობის მისაღებად. 2014 წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა ნიკა ალავიძემ ქ.პიტსბურგში Intel ISEF-ის კონკურსში, 1700 კონკურსანტს შორის მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მოსწავლე გამომგონებლებისთვის, ასევე სპეციალური პროზები დააწესეს:

"თიბისი ბანკმა”

"ინტელის" წარმომადგენლობამ საქართველოში

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - "საქპატენტი"

ენერგო ეფექტურობის ცენტრმა-საქართველომ

შპს მთაწმინდის პარკმა

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა მე-6 ტრადიციული კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" 2010 წლიდან ყოველწლიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ცხადდება. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს სწავლის დონის ამაღლებას, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას; კონკურსი ღია და თანასწორი კონკურენციის პირობებში გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს, სტიმულს მისცემს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლეები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

2010 წლიდან დღემდე კონკურსში წარდგენილი იყო 326 საკონკურსო განაცხადი. გამარჯვებულია 49 პროექტი/გამოგონება.

2016 წელს წარდგენილი საკონკურსო განაცხადები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: საინჟინრო მექანიკა; რობოტიქსი და ინტელექტუალური მანქანები; ფიზიკა და ასტრონომია; გარემოსდაცვითი ინჟინერია,დედამიწისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებები, ქიმია/ბიოლოგია/ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები, დანერგილი სისტემები.