ტარიელ ნაკაიძე:  ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მეჩეთი გადაეცეს მუსლიმებს

ტარიელ ნაკაიძე: ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მეჩეთი გადაეცეს მუსლიმებს

მოხეში არსებულ შენობასთან დაკავშირებულ საკითხს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „რელიგია და მშვიდობა“ გამოეხმაურნენ. როგორც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა განაცხადა, „მოხეს მეჩეთი დროულად უნდა დაუბრუნდეს მუსლიმ თემს“, რადგანაც ოდითგანვე მეჩეთი იყო.

„ისეთ კულტურულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, იქმნება კომისია იმის დასადგენად ეს შენობა მეჩეთია თუ ეკლესია, ეს არის სირცხვილი. ვფიქრობ ეს მეჩეთი უნდა დაუბრუნდეს მუსლიმებს. ის ააშენეს მესხებმა და ისე უნდა შენარჩუნდეს მისი ფუნქციონირება, როგორც ოდითგანვე იყო. ეს არის ქართველი ერის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ დავიცვათ, ვუპატრონოთ, გავუფრთხილდეთ იმ მრავალფეროვნებას რელიგიურს, კულტურულს რაც ამ ქვეყანას აქვს“, - აღნიშნა მალხაზ სონღულაშვილმა.

„ქართველ მისლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს გონიერი გადაწყვეტილება და მეჩეთი დაუბრუნოს მუსლიმებს იმის პრევენციის მიზნით, რომ მსგავსი პრობლემები კიდევ არ წარმოიქმნას.

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს დაუყოვნებელი გადაწყვეტილება და არსებული შენობა გადაეცეს მუსლიმებს, ეს იქნება საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ასევე პრევენცია, სხვა მსგავსი პრობლემების მოგვარებისთვის. თუ საკითხი დროულად არ გადაწყდება, ხელშემწყობი შეიძლება აღმოჩნდეს და სხვა მსგავსი სახის პრობლემები წარმოიქმნას“, - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის" ორგანიზებით, სასტუმრო „რადისონში“ ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფორუმი „რელიგია და მშვიდობა“ მიმდინარეობს. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, რელიგიების დამოკიდებულებისა და ხედვის წარმოჩენა მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის აუცილებლობის თაობაზე, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებში ტოლერანტული, შემწყნარებლური გარემოს წახალისება.